მარგინალ "ნაცკლასტერს" საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - იონათამიშვილი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე
მარგინალ "ნაცკლასტერს" საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - იონათამიშვილი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

A+ A-

12:49 20/05/2020

პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალების თაობაზე მმართველი პარტიის პირველი პირების საქმის კურსში ჩაყენების ფაქტს უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი სავსებით ლოგიკურად მიიჩნევს.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, მაგრამ „ნაცკლასტერმა“ და მისმა კონტროლირებადმა ტელევიზიებმა მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

„პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდეგ ჰქონდა „ნაცკლასტერს“ და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს განცხადება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. ამ დროს, თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალურია.

ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ იქცევიან ის მარგინალი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც ამ საკითხიდანაც ქულების დაწერას ცდილობენ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. თუმცა, შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ამ ბრიფინიდან შეიტყო.