ივანიშვილის რეჟიმს სანქციების გარდა არაფერი გამოასწოებს - ნათელაშვილი აშშ-ს "პუტინის კლასტერის" განეიტრალებისკენ მოუწოდებს
ივანიშვილის რეჟიმს სანქციების გარდა არაფერი გამოასწოებს - ნათელაშვილი აშშ-ს "პუტინის კლასტერის" განეიტრალებისკენ მოუწოდებს

A+ A-

13:03 20/05/2020

მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და „პუტინის კლასტერის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება უნდა დაჩქარდეს. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მან ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, მუნირს უკვე მიმართა,  რათა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი დაჩქარდეს.

"როდესაც დადგა არჩევანის დრო და უნდა გარკვეულიყო,  დასავლეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უთანასწორო ბრძოლაში დადგებოდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა თუ ქართველი ხალხის გვერდით,  დასავლეთმა მისი უდიდებულესობა  ქართველი ხალხი აირჩია. ვაშინგტონმაც და ბრიუსელმაც ჩვენს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.

მე მივმართე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ მუნირს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის კლასტერის წინააღმდეგ ფინანსური, ქონებრივი სანქციების დაწესების პროცესი დაჩქარდეს, რათა ჩვენ,  საარჩევნოდ,  ეს საოკუპაციო-ანექსიური ჯგუფი კრემლიდან გავანეიტრალოთ.

მათ ვერ უნდა შეძლონ დასავლეთიდან გამოყოფილი  თანხების გახარჯვა, იმითთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი გამრუდდეს.

გარდა ამისა, აღნიშნული ქონება ქართველი ხალხისგანაა მოპარული  და უნდა მოხდეს უზრუნველყოფა  მისი სამომავლო დაბრუნებისათვის“ , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

„ლეიბორისტების“ ლიდერის განმარტებით, „ივანიშვილის რეჟიმს“ სანქციების გარდა ვერაფერი შეაჩერებს.

„ დასავლეთის რეაქციაზე პასუხი გუშინ მოვისმინეთ ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბაგეებიდან, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ კრუსს, სენატში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რიშს, სენატორ შაჰინს, კონგრესმენ კიზინგერს, სხვა სენატორებსა თუ კონგრესმენებს, ევროპარლემენტის დეპუტატებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტები უწოდა.

ეს მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში უპრეცედენტო შეურაცხჰყოფა, თავხედობა და თავზეხელისაღებაა.  აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმს სანქციების გარდა არაფერი გამოასწოებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში  „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ პროექტს უკვე 9 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.