კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია - ჭიაბერაშვილი
კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია - ჭიაბერაშვილი

A+ A-

12:47 20/05/2020

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ,,ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, ის აუცილებლად გაუქმდება ხელისუფლების ცვლილებისთანავე.

„სრულიად მიუღებელია, რომ პარლამენტი გამოეთიშოს იმ პროცესს, რომელიც გულისხმობს გარკვეული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისფულებების შეზღუდვას პირდაპირ მთავრობის მიერ ისე, რომ არც კითხოს რაიმე პარლამენტს. ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ეს არის გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისფულებების შეზღუდვისაკენ იმ მიმართულებებით, რაც მოუნდება მთავრობას, არა მარტო „ქართული ოცნების“ მთავრობას, არამედ ნებისმიერ მთავრობას. ამ კანონპროექტმა არ უნდა მიიღოს კანონის სახე. ის ანტიკონსტიტუციურია დიდ ნაწილში და დარწმუნებული ვარ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, მას არ უწერია დიდიხნის სიცოცხლე და აუცილებლად გაუქმდება, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.