პროკურორმა იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი. რურუასა და მას შორის შელაპარაკება მოხდა - ადვოკატი
პროკურორმა იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი. რურუასა და მას შორის შელაპარაკება მოხდა - ადვოკატი

A+ A-

13:31 20/05/2020

ტელეკომპანია "მთავარი" არხის დამფუძნებლის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სხდომაზე რურუასა და პროკურორს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ადვოკატის , დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ერთ-ერთმა პროკურორმა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მისამართით ყვირილი დაიწყო, რამაც პროცესი გაამწვავა.

„დღეს შეიცვალა ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი, იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი დაცვის მხარეს და ბრალდებულს და ამას მოჰყვა სიტუაციის ოდნავ გამწვავება სასამართლოს სხდომის დარბაზში. უბრალოდ ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ჯერ ისედაც მათი სტატუსი ავალდებულებს, რომ ეთიკურად და ზრდილობიანაც მოიქცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში და მით უმეტეს, ისეთ საქმეზე, სადაც პოლიციელებს ჩადებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყუილად ზის გიორგი რურუა ციხეში. თავად ეს პროკურორებიც არანაკლებ დანაშაულს ჩადიან იმ პოლიციელებზე, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს გიორგის. მათი მხრიდან აგრესიულობა არის უტიფრობა და მეტი არაფერი. ეს იყო სიტუაციის გამწვავების მიზეზი, მაგრამ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, მოგვარდა და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად სასამართლო განხილვას. გინებას ადგილი არ ჰქონია, იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი, რაც დაწყებული იყო პროკურორის მიერ და მალევე განიმუხტა სიტუაცია”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

„ესენი არ არიან მნიშვნელოვანი მოწმეები საქმესთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ ესწრებოდნენ ავტომობილის ჩხრეკას, მაგრამ მათ მაინც მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასამართლოს. კერძოდ, სასამართლოს დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ბამბის ჩხირით შესაძლებელია დნმ-ის ნიმუშის დატანა ნებისმიერ ნივთზე”, - განმარტა ადვოკატმა.
ცნობისთვის, „მთავარი“ არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.