პრეზიდენტმა, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებით, ოპოზიციის პოლიტიკური ავანტიურა ჩაშალა - თალაკვაძე
პრეზიდენტმა, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებით, ოპოზიციის პოლიტიკური ავანტიურა  ჩაშალა - თალაკვაძე

A+ A-

15:07 20/05/2020

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით ოპოზიციის "პოლიტიკური ავანტიურის" ჩაშლა შეძლო. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დღესაც იგივე აზრზე ვარ - ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე მიუღებელია და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით. ასევე, შეუძლებელია დედაქალაქის ბიუჯეტის 10%-ის გაფლანგვა “პოლიტპატიმრობით” აუხსნას ვინმემ საზოგადოებას. პრეზიდენტმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ შექმნილიყო ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისი. უფრო სწორედ კრიზისის იმიტაცია. ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო ამ ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა - იყო პრეზიდენტი. ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, - ურთიერთპატივისცემის საკითხია. პოლიტიკაში ვინც არიან, მათგან მიკვირს ეს აჟიოტაჟი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია წინასწარ აცნობა.