ავტორიტარული სახელმწიფოსკენ გადადგმული ნაბიჯია - ბესელია მთავრობისთვის ქალაქების ჩაკეტვის უფლების მიცემას არ ემხრობა
ავტორიტარული სახელმწიფოსკენ გადადგმული ნაბიჯია - ბესელია მთავრობისთვის ქალაქების ჩაკეტვის უფლების მიცემას არ ემხრობა

A+ A-

15:35 20/05/2020

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურია და მას შეუძლია პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ადამიანის უფლებები შეზღუდოს. ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა

ბესელიას განმარტებით, ინიციატივა  პარლამენტის როლს ასუსტებს და სახიფათოა.

მისივე თქმით, ის ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„ეს ინიციატივა არის ანტიკონსტიტუციური, კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება, ასუსტებს პარლამენტს, როგორც მთავარ ინსტიტუტს და საპარლამენტო მმართველობის პირობებში, ეს არის პარლამენტის როლის დასუსტების მატარებელი, რაც ძალიან სახიფათოა და ბუნებრივია, ასეთ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერ.

დაუშვებლად მიმაჩნია, დაჩქარებული წესით, ორ დღეში ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება მასიურად, პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. ორ სამუშაო დღეში უნდა მიიღოს პარლამენტმა ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ეხება მათი უფლებების შეზღუდვის საკითხს.

ასეთი დაჩქარებული განხილვა დაუშვებელია და არ შეიძლება, დისკუსიის, მსჯელობის და კარგად გააზრების გარეშე, ასეთი კანონის მიღება. არასდროს მახსენდება, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას ეხებოდეს კანონპროექტი, სისხლის სამართლის პროცესში შედიოდეს ცვლილება და მას არ იხილავდეს იურიდიული და ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტი. ეს ძალიან ცუდ სურათს ქმნის.

ეს პროექტი არავითარ დასაბუთებას არ შეიცავს და არავითარ პასუხს არ იძლევა კითხვაზე, რატომ აძლევს პარლამენტი მთავრობას უფლებას, საგანგებო მდგომარების გარეშე შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები. რა უშლის პარლამენტს ხელს შეიკრიბოს მაშინ, თუ ამის საჭიროება იქნება? ეს კანონპროექტი ამობს, რომ მთავრობას არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა იმისთვის, რომ შეზღუდოს ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, როგორიცაა გადაადგლება, შეკრების უფლება, საკუთრების უფლება და ა.შ. რაც ზრდის თვითნებობის და ადამიანის უფლების მასიური დარღვევის რისკს“,- განაცხადა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, ეს კანონპროექტი გაუაზრებლადაა მიღებული, რის საფუძველზეც განხილვა უნდა გადაიდოს. აგრეთვე ბესელია პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, კარგად წაიკითხონ, რას გულისხმობს კანონპროექტი.

„ამას რომ პარლამენტის წევრები თავად აკეთებენ, რომ საკუთარ პარლამენტს ასე ასუსტებენ და აძლევენ მთავრობას უფლებას, რომ არასაგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც მთავრობა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა და ამის დაკანონება უნდათ ორ დღეში, გაუაზრებლად, ისე, რომ არცერთი იურისტი არ მონაწილეობს ამ კანონპროექტის ინიცირების პროცესში, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობიკენ და არა - დემოკრატიული სახელმწიფოსკენ. ამიტომ, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, კარგად წაიკითხონ, რას უნდა მისცენ ხმა. გაიაზრონ, რამდენად საფრთხისშემცველია ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში“,- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ,  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.