ახალგორელი მამაკაცი მორიგი მსხვერპლია - მინისტრი დე ფაქტო ცხინვალს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
ახალგორელი მამაკაცი მორიგი მსხვერპლია - მინისტრი დე ფაქტო ცხინვალს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

A+ A-

15:38 20/05/2020

ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალება არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური და არალეგარული შეზღუდვების, რაც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში, იზოლაციის პირობებში. ამის შესახებ შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა.

საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, - აცხადებსს ციხელაშვილი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა.