ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის აქცია დესტაბილიზაციისთვის გამოიყენეს - ოხანაშვილი
ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის აქცია დესტაბილიზაციისთვის გამოიყენეს - ოხანაშვილი

A+ A-

15:50 20/05/2020

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 20 ივნისის აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ -დანაშაულებრივი ქმედებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში 20 ივნისის მოვლენების შესახებ გაკეთებული განცხადება აღიარებითი ჩვენებაა.

„ყველაზე მძიმე და სკანდალური ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ - დანაშაულებრივი ქმედებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.

მათ სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ მომხდარიყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება და შედეგად შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკულად აღიარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩამოყალიბება და აღწერა, თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ დაგეგმილი და როგორ ბოროტად გამოიყენეს ხალხი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად.

ამ ყველაფერს საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად შესაბამის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს და შესაბამისად, ამ ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩვენი საზოგადოების მხრიდან კიდევ დიდხანს იქნება კანონიერ ძალაში შესული და შენარჩუნებული,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისი იყო გარდამტეხი მომენტი და ამ დღეს ივანიშვილს შეცდომა დააშვებინეს.