ფიზიკური პირების გარკვეულ კატეგორიას საბანკო სესხების პროცენტის გადახდა კიდევ 3 თვით გადაუვადდება
ფიზიკური პირების გარკვეულ კატეგორიას საბანკო სესხების პროცენტის გადახდა კიდევ 3 თვით გადაუვადდება

A+ A-

11:47 21/05/2020

ფიზიკური პირების გარკვეულ კატეგორიას საბანკო სესხების პროცენტის გადახდა კიდევ 3 თვით გადაუვადდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ საბანკო სექტორთან შეხვედრაზე მიიღო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა.

ეს 3 თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ ასეთი შეხვედრა და ასევე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება 3 თვით.

გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა და აქვს კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საპროცენტო გადასახადის გადავადება 3 თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განმარტა პრემიერმა.

შეგახსენებთ, პირველად სესხების საპროცენტო განაკვეთის გადასახადი საქართველოში 3 თვით მარტში გადავადდა.