არ გრცხვენიათ 0.59 თეთრს რომ გვაყვედრით?! - მეუფე ანტონი
არ გრცხვენიათ 0.59 თეთრს რომ გვაყვედრით?! - მეუფე ანტონი

A+ A-

13:20 25/05/2020

სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 25 მილიონი თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია და ამის დაყვედრება სირცხვილია. ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მეუფე აცხადებს, ეკლესია ქვეყნისთვის ბევრად მეტს აკეთებს და მეტს იმსახურებს.

“აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო… 25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ. დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანაში ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს. ხალხის ფულიო, 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?! ამას ჩვენ ასე არ დავტოვებთ!", - განაცხადა მეუფემ.

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ასევე საუბრობს ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემის საკითხზეც.

„გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება. ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით. მინდა ვიკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო.

რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას, რაც მათი პირადი საკუთრება არაა... თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის ? უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო - ასე ვიფიქროთ?“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

ცნობისთვის, 2002 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადარიცხულია 285 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ეკლესია 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას ფლობს, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის The National Democratic Institute (NDI) ბოლო გამოკითხვის თანახმად, 67% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ საპატრიარქოსთვის ბიუჯეტიდან მიცემული 25 მილიონის ხარჯვა უნდა გააკონტროლოს.