"ფეისბუქი" დისტანციურ მუშაობაზე განუსაზღვრელი ვადით გადადის - პანდემია ამერიკის გეოგრაფიას ცვლის
"ფეისბუქი" დისტანციურ მუშაობაზე განუსაზღვრელი ვადით გადადის - პანდემია ამერიკის გეოგრაფიას ცვლის

A+ A-

11:56 26/05/2020

მაისის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები "ფეისბუქი“ და „გუგლი“ თავის თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის უფლებას 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებდნენ. კომპანიების თანამშრომლებმა ოფისში სიარული მარტის შუა რიცხვებში, პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ შეწყვიტეს.

"ფეისბუქმა" მაშინ გადაწყვიტა, რომ შეერთებულ შტატებში ეკონომიკის ამუშავებასთან ერთად და კარანტინის მოსხსნის პარალელურად, სილიკონის დაბლობში მდებარე მთავარ ოფისში მუშაობას 6 ივლისიდან აღადგენდა. საუბარი იყო იმაზე, რომ "ფეისბუქის" თანამშრომლებს ოფისში დაბრუნებისას, ერთმანეთთან თითქმის ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაეცვათ და პირბადე ეტარებინათ. ასევე, ჩატარდებოდა თერმოსკრინინგი. თუმცა, თანამშრომლების ნაწილს, სურვილის შემთხვევაში, ტელემუშაობის გაგრძელება სახლიდან წლის ბოლომდეც შეეძლო.

სიტუაცია ხუთშაბათს რადიკალურად შეიცვალა. თანამშრომლებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, "ფეისბუქის" ხელმძღვანელმა მარკ ელიოტ ზაკერბერგმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად, განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ ტელემუშაობაზე გადასვლა. ზაკერბერგი "ფეისბუქის" ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელია და ახლა მისი თავმჯდომარე, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი და საკონტროლო პაკეტის მფლობელიც არის.

სილიკონის დაბლობისთვის და მთლიანად კალიფორნიის შტატისთვის ეს ფაქტი შესაძლოა სერიოზული ცვლილებების მომტანი იყოს. ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ გიგანტს სხვებმაც თუ მიბაძეს, რეგიონიდან შეიძლება ნახევარ მილიონამდე ადამიანი და მათთან დაკავშირებული კიდევ უფრო მეტი ბიზნესი თავის თანამშრომლებიანად გადავიდეს. მითუმეტეს, რომ სან-ფრანცისკოს ყურის ამ ნაწილში ცხოვრება, მთელი ამერიკის მასშტაბით, ერთ-ერთი უძვირესია.

სილიკონის დაბლობში "ფეისბუქის" გარდა, ოჯახებთან ერთად ცხოვრობს "ეფლის" 190 000-მდე თანამშრომელი. ამდენივე თანამშრომელი ჰყავს "ჰიულეტ პაკარდს" (HP) და ბევრ სხვა ტექნოგიგანტს. შესაბამისად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტენდენციის დამკვიდრების შემთხვევაში, პანდემია კოვიდ-19 ამერიკის გეოგრაფიას და ქალაქდაგეგმარებასაც შეცვლის.

"თბილი, მზიანი შტატები გაცილებით იაფი სახლებით და ნული გადასახადით, გაივსება განათლებული, შეძლებული თანამშრომლებით. შტატებს გადასახადების შემცირება მოუწევთ, რომ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ" - ამბობს ჩამათ ფალიჰაფიტა, კომპანია "სოციალური კაპიტალის" ხელმძღვანელი, რომელიც ადრე "ფეისბუქში" მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ყველაზე წამგებიან პოზიციაში კი კალიფორნიის შტატი აღმოჩნდება - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

ეს ნაბიჯი "ფეისბუქისთვის" ფინანსურად გაცილებით უფრო მომგებიანი გამოდის. გარდა იმისა, რომ კომპანიას უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უზარმაზარი თანხები დაეზოგება, ზაკერბერგი თანამშრომელთა ხელფასების ადაპტირებასაც აპირებს.

იმ თანამშრომლებმა, ვისაც მუდმივად ტელემუშაობაზე გადასვლის უფლება ექნება, მენეჯმენტს 2021 წლის იანვრამდე უნდა აცნობონ, თუ სად აპირებენ მუდმივად ცხოვრებას. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ თანამშრომლების ხელფასები საცხოვრებელი ხარჯების გათვალისწინებით შეცვალოს და ადგილობრივ ფასებს მოარგოს. ეს უმეტეს შემთხვევაში, ხელფასების შემცირებას გულისხმობს.

ის თანამშრომლები, რომლებიც ამ ტიპის კომპენსაციისთვის გვერდის ავლას შეეცდებიან, "მკაცრად დაისჯებიან" - აცხადებს "ფეისბუქი". კომპანიის საგადასახადო პოლიტიკის სწორად შემუშავებისთვის ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ზაკერბერგი მოელის, რომ "ფეისბუქის" თანამშრომლების სულ ცოტა, ნახევარი, დისტანციურ მუშაობას ამჯობინებს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს მომდევნო 5-10 წელში მოხდება.

"ამერიკის ხმა"