კლუბები და ბარები გაკოტრების საფრთხის წინაშე არიან - ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ
კლუბები და ბარები გაკოტრების საფრთხის წინაშე არიან - ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ

A+ A-

16:07 26/05/2020

საქართველოში არსებული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

როგორც ამ სექტორის წარმომადგენლების საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბარები და კლუბები გაურკვეველი ვადით დაიხურა, ამიტომაც, ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, საცეკვაო სივრცეები, კლუბები და მსგავსი გასართობი ობიექტები გაიხსნება.

"ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს ასობით ობიექტს და ათასობით დასაქმებულ პირს, სხვა დახურული სივრცეების, ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები კი ყოველდღიურად გვემატებიან. ბარის და საკლუბო კულტურა, როგორც ღამის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყანაში ტურიზმისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი საიმიჯო ნაწილია. სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი შრომითა და ენთუზიაზმით, ათასობით სამუშაო ადგილი შევქმნებით. პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ჩატარებულია კვლევა ჩვენი სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებზე, მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ეს მოხდა ჩვენთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე. ჩვენი სფერო სპეციფიკური ბიზნეს მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ ჩვენი ჩართულობით არის შესაძლებელი.

გაგაცნობთ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის დაძლევის ხედვასა და მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის. დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. იმისათვის, რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს კუთხით. მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას არსებული ბიზნეს- ერთეულებისათვის კომერციული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო,“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფრაგლებში) დროულად,თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი - „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები. აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე. გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად",- ნათქვამია განცხადებაში.