"რბილი ძალის" გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა - მეუფე მელქისედეკი
"რბილი ძალის" გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა - მეუფე მელქისედეკი

A+ A-

18:16 26/05/2020

რბილი ძალის“ გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა. ამის შესახებ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძემ განაცხადა.

„1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი „საქართველო“- ,,საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა, დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!” სამწუხაროდ, რუსულმა ოკუპაციამ დიდხანს არ გვაცალა ამ განძით ტკბობა და 1921 წელს, ისევე წაგვართვა იგი, როგორც დედას სტაცებენ ხოლმე ჩვილ ბავშვს.

70 წელი დაგვჭირდა, რომ ჩვენს მშობლიურ წიაღს, ჩვენს დამოუკიდებლობას დავბრუნებოდით. თუმცა, ეს დაბრუნებაც არ გამოდგა სტატიკური მოვლენა, ჩვენს შემთხვევაში, იგი ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლას ნიშნავდა, იმ ბრძოლისა, რომელსაც უკვე 30 წელია ვაწარმოებთ, რათა დაბრუნებული დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და მომავალ თაობას გადავცეთ. დღეს, „რბილი ძალის“ გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა.

აქტიურად ვრცელდება ე.წ. „,ნეიტრალიტეტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი „ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას.

ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ. მოდით, დღეს, 2020 წლის 26 მაისს დავიწყოთ ეს ყველაფერი.

რადგან ქრისტიანები ვართ, ისიც გვწამს, რომ ქრისტემ, საკუთარი სისხლის ფასად გაგვათავისუფლა, ამ თავისუფლებით კიდევ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. განა ამას არ გვასწავლიდა პავლე მოციქული? ,,თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალ. 5: 13). ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ „ერთმორწმუნე მტერი“ კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები, ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია.

დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე. რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან. მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება.

მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას“, -წერს მეუფე მელქისედეკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.