დიდი იმედი მაქვს, ოპონენტები პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობენ - ვოლსკი
დიდი იმედი მაქვს, ოპონენტები პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობენ - ვოლსკი

A+ A-

10:55 27/05/2020

„პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს, დიდი იმედი მაქვს, საქმე არ გვექნება პოლიტიკურ ცირკთან, რომლის მოწყობაც ესოდენ ხელეწიფებათ ჩვენს ოპონენტებს“, - იმედს გამოთქვამს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მისივ თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას შეკითხვები ჯანდაცვის სფეროსა და ეკონომიკური ვითარების შესახებ ექნებათ. იგი ასევე დასძენს, რომ საზოგადოებას საშუალება ექნება, სრულად მოისმინოს მთავრობის ინფორმაცია და ასევე დააზუსტოს, კიდევ ერთხელ გადახედოს იმ პოზიციებს, რომელიც პოლიტიკურ ძალებს აქვთ.

„დაგროვდა ბევრი შეკითხვა. ზოგს აქვს თავისი რაღაც პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ გვექნება საქმე იმ პოლიტიკურ ცირკთან, რომლის მოწყობაც ესოდენ ხელეწიფებათ ჩვენს ოპონენტებს. შეკითხვები მართლაც ბევრია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს, რაც შეეხება შესაძლო საბიუჯეტო ცვლილებებს.

ამ თემებთან დაკავშირებით ექნება პრემიერს საუბარი. უკვე ამავე კვირაში იგი ინტერპელაციის რეჟიმით კვლავ მოვა პარლამენტში და შემდეგ უკვე სულ ახლო მომავალში იქნება წლიური ანგარიში. ასე რომ, საზოგადოებას ექნება საშუალება, სრულად მოისმინოს მთავრობის ინფორმაცია და ასევე დააზუსტოს, კიდევ ერთხელ გადახედოს იმ პოზიციებს, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, 29 მაისს მთავრობის მეთაური პარლამენტში უკვე ინტერპელაციის წესით მივა. ცნობილია ასევე, რომ პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს ივნისის დასაწყისშიც ეწვევა. ამჯერად გიორგი გახარია მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს