რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში დაიშვებიან საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებული სტანდარტების დაცვით - აბაშიძე
რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში დაიშვებიან საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებული სტანდარტების დაცვით - აბაშიძე

A+ A-

15:08 28/05/2020

რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში დაიშვებიან მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით. ამის შესახებ რუსეთში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო მოქმედებს საერთაშორისო ნომრების დაცვით და ეს მხოლოდ საქართველოს მოთხოვნა არ არის. ამიტომ ცენტრში ვიზიტს აუცილებელია ესწრებოდნენ სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„სამწუხაროა, რომ თავისი მწვავე განცხადებისათვის რუსეთის მხარემ შეარჩია ის დღეები, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავდნენ, ეს მათი არჩევანია. ის, თუ რას წარმოადგენს ლუგარის სახელობის საზოგადოების ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, ჩვენი საგარეო უწყების განცხადებაში დეტალურად არის გაშუქებული. კონკრეტულად, მისი შექმნის ისტორია, რა მიზნებს ემსახურება, ვისი საკუთრებაა, ვინ მუშაობს იქ და ა.შ. ეს ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიის პირობებში და ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის.

სამწუხაროა ისიც, რომ რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ჩვენს საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს და ამ ცენტრის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს, რაც როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. რაც შეეხება ცენტრში რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტს, ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვიის კონვენციის პასუხისმგებელი წევრი, ადრეც მზად იყო, ახლაც მზად არის მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი დაშვება ასეთი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურებზე.

რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმებისა და სტანდარტების დაცვით. ასეთი ვიზიტი უნდა განხორციელდეს კონვენციის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, ანუ მხოლოდ მრავალმხრივ ფორმატში. სხვათაშორის, ვიზიტის შესაძლებლობა რუს ექსპერტებს ჰქონდათ 2018 წელს, როდესც ლუგარის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო ვარჯიში. მაშინ, მათ მოწვევაც ჰქონდათ, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შენობის ყველა კორპუსზე, ასევე დოკუმენტებზე. ამასთან, მათი მოთხოვნაა, რომ ვიზიტი შედგეს ორმხრივ საფუძველზე და სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე.