გახარიამ არ იცის, რომ გადავადების მიუხედავად, ადამიანებს სესხების პროცენტზე პროცენტი მაინც დაარიცხეს - ჭიჭინაძე
გახარიამ არ იცის, რომ გადავადების მიუხედავად, ადამიანებს სესხების პროცენტზე პროცენტი მაინც დაარიცხეს -  ჭიჭინაძე

A+ A-

16:43 28/05/2020

პრემიერი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ განმარტა, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ვისაც მიმდინარე სესხები გადაუვადეს, პროცენტზე პროცენტი მაინც ერიცხებოდათ. მისივე თქმით გახარიამ ამის შესახებ არაფერი იცის „რადგან ეგონა, ვისაც სესხები გადაუვადეს, მათ დამატებით არაფერი დარიცხვიათ“.

„არადა, საგანგებო მდგომარეობის გამო, ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს შემოსავლები ან საგრძნობლად შეუმცირდათ, ან საერთოდ დაკარგეს. ანუ, შეიქმნა კლასიკური ფორს-მაჟორული სიტუაცია, რომელიც პირველ რიგში, ადამიანებისთვის ნებისმიერი წარმოქმნილი ვალდებულებების შეჩერებას ითვალისწინებს და ეს რა თქმა უნდა კრედიტებსაც ეხება.

რასაც მოვითხოვ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველი დღიდან! დღეს კი, უკვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი და პრემიერ გახარიას საუბრის შემდეგ, სესხების გადავადება 6 თვით კაპიტალიზაციის, ანუ ყოველგვარი მოგების გარეშე შეეხება ყველას!

იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, თუ კომერციული ბანკები. შეეხება აბსოლუტურად ყველა ფინანსურ ინსტიტუტს და არა მარტო მათ, შეეხება ნებისმიერ იმ ვალდებულებას, რომელიც წარმოიქმნება ორ სუბიექტს შორის, კერძო პირი იქნება ეს თუ იურიდიული.

შეეხება ჩვენი მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს, ვისაც არ აქვს შემოსავალი და მოხვდა 300 ლარიან, ან 1200 ლარიან დახმარების პროგრამებში. ახლა ერთადერთი რაც საჭიროა, ბოლომდე მივადევნოთ, რადგან როგორც „ქართულ ოცნებას“ ჩვევია, დაპირება დაპირებად არ დარჩეს, იმიტომ რომ, ნებისმიერი დახმარება, რომელსაც „ოცნება“ ხალხს ჰპირდება, დღემდე არა არის გაცემული. ჩვენ ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა, ამ კრიზისულ მდგომარეობაში მაინც შესრულდეს პრემიერის დანაპირები“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, სესხების საპროცენტო განაკვეთის გადასახადი საქართველოში 3 თვით მარტში გადავადდა. მაშინ ბანკებმა და მიკროსაფინანსოების ნაწილმა კორონავირუსის გამო, დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა შემოსავლების დაკარგვა და ზოგადი ეკონომიკური კრიზისი გაითვალისწინა და ყველა მსესხებელს სამი თვით სესხის დაფარვის ვალდებულება გადაუვადა. ეს საშეღავათო პერიოდი ივნისში იწურებოდა. თუმცა მეორე ვადით შეღავათის სამი თვით გახანგრძლივების შემთხვევაში ფიზიკური პირები სასესხო ვალდებულებისგან სექტემბრის ჩათვლით გათავისუფლდებიან.