მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?! - ბოკერია გახარიას
მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?! - ბოკერია გახარიას

A+ A-

16:03 29/05/2020

„მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?!“, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

„ბატონო პრემიერო, დღეს დილით კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის?! თქვენთვის დრო არა მაქვს, პასუხებზე ნუ გამაცდენთ... ვინ წაგახალისათ ერთი, ძალიან მაინტერესებს?! მაინც და მაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?! თქვენ პატივს სცემთ იმას, ვინც თქვენ გამცირებთ?! ეს არის თქვენი კრედო?! დრო გჭირდებათ მეტი?! პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვათ და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენ პანკისელ თანამოქალაქეებთან ?! თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი?! დიდ გულზე იმასთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ?! ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ და გვერდზე რელიგიურ ფანატიკოს ვერ უბედავთ, ხო?! ესეა ხო, თქვენი მსოფლმხედველობა?! მარტო თქვენ რომ გამცირებდნენ ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესრიგს ვინც ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუციაც მკიდია და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ, ხო?! და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე უნდა იყოთ?! თქვენი აზრით, ეგ არის რაც ქვეყანას გამოადგება?!

მე მინდა გირჩიოთ, რომ როცა ერთი კვირის წინ გამოდიოდით და ილანძღებოდით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას ითხოვენ ეს პოპულისტებიო და 5 დღეში, რომ გახსენით, ეხლა მოგვისმინეთ ჩვენი ინტერპელაცია, რომ იქნება, ტონი შეიცვალეთ, იქნებ რაღაც გაიგოთ, სისულელეები, რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა და ასევე ტყუილები. იქნებ რაღაცა გაიგოთ და ნაკლები სისულელეები თქვათ შემდგომში, რაც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანასაც, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს! ‘’, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.