ცდილობთ, პოლიტიკური სპეკულაციებით ვიღაც მოხიბლოთ - გახარია-ბოკერიას დუელი პარლამენტში გრძელდება
ცდილობთ, პოლიტიკური სპეკულაციებით ვიღაც მოხიბლოთ - გახარია-ბოკერიას დუელი პარლამენტში გრძელდება

A+ A-

17:11 29/05/2020

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

განსაკუთრებული სიმწვავით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოირჩევა, რომელმაც არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა მთავრობის მეთაურის მისამართით.

მან  პრემიერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ მალე გიორგი გახარია ოპოზიციაში გადაინაცვლებს და შემდეგ გამოჩნდება იქნება თუ არა იგი დღევანდელ ოპოზიციაზე  „უკეთესი“.

“ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში საკუთარ თავს გულისხმობდით? კი ბატონო, შეგვეჯიბრეთ, ვნახოთ იქნებით თუ არა ჩვენზე უკეთესი ოპოზიცია“, - მიმართა ბოკერიამ.

თავის მხრივ პრემიერმაც მიმართა ბოკერიას და უთხრა, რომ დღეს იგი „განსაკუთრებით აგრესიულია“, რადგან  „ვიღაც გაუჯავრდა“.

მთავრობის მეთაური ბოკერიას განცხადებებს უშინარსო „პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს.

„ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ წინ ვიღაც გაგიჯავრდათ, დღეს აგრესიული ხართ. ცოტა დამშვიდდით, მგონი დაიღალეთ. თქვენ ცდილობთ, პოლიტიკური სპეკულაციებით ვიღაც მოხიბლოთ. ასე გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად“, - უპასუხა პრემიერმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ოპოზიციას კომპეტენცია არ ჰყოფნის“ და „ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს“.