ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება
ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება

A+ A-

17:48 31/05/2020

ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვებითი ობიექტებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით განისაზღვრა. რეკომენდაციების თანახმად, მაგიდებს შორის მანძილი ორ მეტრზე, სკამების საზურგეებს შორის კი ერთ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. თუმცა მათი გამოყენება დაუშვებელია 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში. 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).

მინისტრის რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში კი მენიუს დაფასთან უნდა განათავსოს ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ანალოგიური მოთხოვნებია დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვისაც, რომელთა გახსნაც 8 ივნისიდან იგეგმება, თუმცა დახურულმა კაფეებმა და რესტორნებმა დამატებით ვენტილაციაზეც უნდა იზრუნონ. ეკატერინე ტიკარაძის რეკომენდაციების თანახმად, თუ არ არის ბუნებრივი ვენტილაციის შესაძლებლობა შენობაში, საჭიროა ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

დახურული ტიპის დაწესებულებებმა სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით უნდა უზრუნველყონ.

რაც შეეხება ჭურჭლის რეცხვას, ხელით რეცხვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს შემდეგი პროცედურები:

ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;

გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;

. გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;

. გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;

. დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ხელით რეცხვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისთვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისთვის. დასაშვებია შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებშიც.
 
ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკლები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.