ვირუსი არ დაგვიმარცხებია, ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში - გახარია
ვირუსი არ დაგვიმარცხებია, ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში -  გახარია

A+ A-

13:00 01/06/2020

"ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა გაიხსნა. მას შემდეგ, რაც სრულად ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია ტიპის რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები და ბაზრობები არის გახსნილი. ეს ყველაფერი იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ქმნის. ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ცალკე აღებულ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს არის პანდემია.

ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი გაჩნდა - ერთი თბილისში და ერთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა და მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.