გაზგასამართ სადგურზე დაშავებულ ექსპერტ-კრიმინალისტს გული აუმუშავეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს
გაზგასამართ სადგურზე დაშავებულ ექსპერტ-კრიმინალისტს გული აუმუშავეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

A+ A-

15:32 03/06/2020

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია. ამის შესახებ განცხადებას ძალოვანი უწყება ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კავკავიის მედიცინის ცეტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთვაზე იმყოფება.

“კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას.

სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე”,- განაცხადა ნუცუბიძემ.