ხალხს გადააგდებენ! - მდინარაძის აზრით, ოპოზიცია მაჟორიტარების კვოტას ვეღარ იყოფს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა
ხალხს გადააგდებენ! - მდინარაძის აზრით, ოპოზიცია მაჟორიტარების კვოტას ვეღარ იყოფს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა

A+ A-

15:38 03/06/2020

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა, თუ პროექტი ჩავარდება, ეს მათი პასუხისმგებლობა არ იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილს ცვლილებების ჩაგდება სურს.

„უკვე ერთი თვეა ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ჩავარდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაშინ როცა ხელისუფლება მთლიანად უჭერს მხარს. პიარული თავხედობა ჰქვია ამას, როცა გეუბნებიან - მე ჩავაგდებ და შენი პასუხისმგებლობა იქნება. ყველა შემთხვევაში „ქართული ოცნება" პრაქტიკულად სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს ცვლილებებს, ხოლო ამ ერთი კლასტერის გარდა სხვა ფრაქციებში გაწევრიანებული ცალკეული დეპუტატები როგორც ამბობენ, ისინიც თუ დაუჭერენ მხარს, გავა და მარტივად იქნება საქმე,"- აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარების ადგილებს ვერ იყოფს და ამიტომ შესაძლოა, ხალხი „გადააგდონ“.

"თუ ერთი ადამიანის, მათგან პოლიტპატიმრად წოდებული პირის გათავისუფლებაზე თვითნებურად ჩამოკიდებენ კონსტიტუციის, ქვეყნის ბედს, ეს მათი გადასაწყვეტია, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

მე ერთხელ ვიხუმრე და დღესაც ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, შეიძლება მართლა აწყობდეთ ძველი მოდელით ჩატარება, იმიტომ, რომ მათი საყვარელი მოდელია, ერთხელ დატოვეს, მეორედაც, კი გვედავებიან გაღმა, მაგრამ მესამედ გადააგდეს ხალხი და შეიძლება დღესაც აწყობდეთ, რადგან როგორც ხედავთ, მაჟორიტარების ადგილებს ვერ იყოფენ, სიაში ვერ კომპლექტდებიან და რისკი მათთვის აბსოლუტურად მართლზომიერია, რადგან თუ ძველი მოდელით ჩატარდება მაჟორიტარებთან დაკავშირებით მარტივად გაიყოფენ ადგილებს. აქ ჩანს კარგად, რომ საუბარი არ არის მაღალ მატერიებზე, სამშობლოზე და მომავალზე, როგორც ისინი წარმოგვიჩენენ, არამედ საუბარია იმაზე, რომელი პარტია რამდენ ადგილს დაიკავებს,"- აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები 4 ივნისიდან დაიწყება. ახალი საარჩევნო სისტემა 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი და დაძაბული პროცესების შედეგად შეთანხმდა, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი, ბოლო ორი თვეა - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.

საარჩევნო ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით შევა; ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 30 იქნება; მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს.

30-დან 8 ოლქი იქნება თბილისში; მოქმედდება ე.წ. ჩამკეტი - თუკი ესა თუ ის პარტია ან ბლოკი პროპორციული წესით ვერ მიიღებს ხმების დაახლოებით 40%-ზე მეტს, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.