ბარბაროსები არ ვართ! მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცრაზმელს შეცდომას ვაპატიებდით - პანკისის ხეობის უხუცესი
ბარბაროსები არ ვართ! მაჩალიკაშვილის საქმეზე  სპეცრაზმელს შეცდომას ვაპატიებდით - პანკისის ხეობის უხუცესი

A+ A-

18:41 03/06/2020

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს შეცდომა რომ ეღიარებინა, ხეობა აპატიებდა. ამის შესახებ პანკისის ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა „ადამიანების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ გვერდზე ონლაინ-ჩართვისას განაცხადა.

„მალხაზ მაჩალიკაშვილის მსგავსად, მეც მქონდა მოლოდინი, რომ თემირლანის საქმეზე გამოძიებას ისინი შეწყეტდნენ და ბოლომდე ვერ მიიყვანდნენ. ეს საქმე უნდა ჩაფარცხულიყო.

მთელი სახელმწიფო თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ წამოვიდა.

ჩვენი უფლებები რატომ არ არის დაცული ? ხომ ვითხოვდით, გამოძიება ჩატარებულიყო?

ხომ ამბობდნენ ყველა უნდა დაისაჯოსო, პრეზიდენტიც რომ იყოსო და სპეცნაზელმა რატომ არ უნდა აგოს პასუხი?!

გამოსულიყო სახელმწიფო და ეღიარებინა თავისი შეცდომა?  მაჩალიკაშვილების ოჯახი დაზარალებულად ეღიარებინათ!

ჩვენ ბარბაროსები არ ვართ, შეცდომა დაუშვა  სპეცნაზელმა,  ეღიარებინათ და ვაპატიებდით.

მკვლელობა ბევრისთვის გვიპატიებია.

მათ სპეციალურად ეს საქმე თავიდანვე ტერორიზმთან დააკავშირეს.

მე არ მაქვს დადებითი მოლოდინი. მაგრამ ვენდობი ევროპულ სასამართლოს და მაქვს მოლოდინი, რომ დადებით განაჩენს გამოიტანენ.

თუ თემირლანის მკვლელობის საქმეს არ მიეცა ობიექტური გზა, მოსახლეობაში ნდობა დაიკარგება. თუ კანონი სხვებისთვის კანონობს, ჩვენთვისაც უნდა კანონობდეს“, - განაცხადა ხანგოშვილმა.

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი  2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში, საკუთარ სახლში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას იქნა მოკლული. მაჩალიკაშვილი ეჭვმიტანილი იყო ტერორისტებთან კავშირში, რასაც გარდაცვლილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს დღემდე. 

მოკლულის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავდა და მისი შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდაა.  ეს პროტესტი მას შემდეგ შეწყდა, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ სარემონტო სამუშაოების მიზეზით, საქართველოს პარლამენტის შენობას მწვანე ღობე შემოავლო.

ანა ქორჩილავა