ალბათ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ - გახარია
ალბათ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ - გახარია

A+ A-

15:59 05/06/2020

ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ კორონავირუსის გამო გამოწვეული პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს.

„გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის მძიმე პერიოდია, ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, სხვანაირად მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ხელისუფლება ცალკე, არ გამოვა არაფერი.

ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ ცალკე აღებული ქვეყანა მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, ქუთაისი პირველ რიგში და შემდგომ ბათუმი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმით, შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ამიტომ ქართველებმა უნდა ისწავლონ, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ხარისხით მზად ვინ არის, რომ როგორც კი გაიხსნება, ტურისტები მიიღოს. მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმი გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.

ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ (არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო). ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს.

ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად არის გასაკეთებელი, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყოთ, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველები ვიქნებით, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს“,-განაცხადა პრემიერმა.