კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა 2 მილიარდი დოზით წარმოებისთვის მზად არის
კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა 2 მილიარდი დოზით წარმოებისთვის მზად არის

A+ A-

17:53 08/06/2020

ახალი კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა შექმნა, მალე 2-მილიარდიანი დოზით წარმოებისთვის მზად იქნება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა 750 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინის წარმოების გასაზრდელად, რამდენიმე დღის წინ ხელშეკრულება გაფორმდა ეპიდემიებსადმი მზადყოფნის ინოვაციების კოალიციასთან (CEPI) და ვაქცინების ალიანს Gavi-სთან.

კომპანია ვაქცინის მასობრივი წარმობისათვის იქამდე ემზადება, ვიდრე მისი ეფექტიანობა დამტკიცდება; ასეთი უჩვეულო ნაბიჯის მიზანი ვაქცინების წარმობისათვის საკმაოდ დიდი დროის შემცირებაა.

CEPI და Gavi საქველმოქმედო ორგანიზაციებია, რომლებსაც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფინანსებენ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 750$ მილიონი საკმარისია 2 მილიარდი დოზიდან 300 მილიონი დოზის წარმოება-მიწოდებისათვის.

 
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ AstraZeneca-მ სალიცენზიო პარტნიორობა გააფორმა ინდოეთის სისხლის პლაზმის ინსიტუტთან, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმობელია მოცულობის მიხედვით; შეთანხმების მიხედვით, ეს უკანასკნელი ვაქცინის მილიარდ დოზას დაამზადებს დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისათვის.

„ხელშეკრულების მიხედვით, 400 მილიონი დოზა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად“, — აღნიშნავს კომპანია განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, გასულ თვეში კომპანიამ უკვე დააანონსა კიდევ ერთი მილიარდი დოზის წარმოებაც.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აქედან 300 მილიონი დოზა უკვე დაჯავშნილი აქვს აშშ-ს, 100 მილიონი კი გაერთიანებულ სამეფოს. თუ კლინიკურმა ცდებმა ვაქცინის ეფექტიანობა დაამტკიცა, პირველი დოზები შეიძლება უკვე სექტემბერშიც იყოს მზად.

ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა წარმატებული ეს ვაქცინა, სახელად AZD1222. სარიოს თქმით, კომპანიას ამის შესახებ აგვისტოში ეცოდინება.

CEPI-ს ხელმძღვანელი რიჩარდ ჰატჩეტი აღიარებს, რომ არსებით რისკს შეიცავს იმ პროდუქტის ინვესტირება და წარმოება, რომელიც შეიძლება, საბოლოოდ ვარგისი არ გამოდგეს.

AstraZeneca-ს განცხადების მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შექმნილი ვაქცინა ამჟამად კლინიკური ცდების II/III ფაზაშია და ტესტირება დაახლოებით 10 000 ადამიანზე მიმდინარეობს.

მომზადებულია BBC-ისა და Business Insider-ის მიხედვით.

"1tv.ge"