რეპუტაციულად განულებული ხელისუფლებისთვის საარჩევნოდ დეკემბერი ბევრად რთული იქნება - ხუხაშვილი
რეპუტაციულად განულებული ხელისუფლებისთვის საარჩევნოდ დეკემბერი ბევრად რთული იქნება - ხუხაშვილი

A+ A-

18:38 15/06/2020

რეპუტაციულად განულებული „ოცნების“ „მაესტროს“ მიერ შექმნილი „იმედი“ და გამარჯვების „მთავარი“ „ფორმულის“ ოპოზიციური ძიება - ამ გზაზე და ამ გზით მიდის საქართველო, მომაკვდინებელი პანდემიის პირობებში, 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებამდე. არჩევნებამდე, რომელიც არავინ იცის, ოქტომბერში ჩატარდება, თუ დეკემბერში, ახალი წესით თუ ისევ - ძველით. რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და სად აგებს ოპოზიცია ამ შუა გზაზე?

ეს გზა, პანდემიის გამო, ამომრჩევლების გულებამდე, კიდევ უფრო მეტად გადის მედიაზე. დღეს პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა არჩევნების მოგების მთავარ ინსტრუმენტზე სოციალურ ქსელში ამგვარად იხუმრა:
„მედიის პოლიტიკური ანატომია:

ხელისუფლების “მაესტრო” ნერგავს “საზოგადოებრივ” “იმედს”, რომ “ოცნება” ახდება “პოსტ”-ისტორიულ პერიოდში მაინც...
ოპოზიცია ეძებს გამარჯვების “მთავარ” “ფორმულას”.

ხუმრობანარევ პოსტში დასახელებული მედიასაშუალებების გარდა, გარეთ კიდევ ბევრი ტელევიზიაა დარჩენილი. შეიძლება, ძნელი სათქმელია, ანდაც ადვილი - საით იყურება „რუსთავი-2“-ისა თუ „ტვ-პირველის“, „ობიექტივი“, „კავკასიის“ მაღალი მთებიდან, თუმცა, როგორც ყოველთვის, კარსმომდგარი არჩევნებისთვის ოპოზიციური თუ სახელისუფლებო მედიაომი დაწყებულია და ხუხაშვილს თუ დავუჯერებთ, ეს ომი ახლა ნეიტრალური, ანუ შუაშისტი ამომრჩევლების „შეწოვისთვის“ მიდის.

ქართული ელექტორატი ოქტომბრისა თუ დეკემბრის მოლოდინში

ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების თარიღმა ოქტომბრის ნაცვლად, დეკემბერში გადაინაცვლოს. რამდენად არსებობს, ამ მონახაზის განხორციელების პოლიტიკური რისკები, ამის შესახებ ექსპერტი ღიად საუბრობს.

ხუხაშვილის თქმით, თუკი პროცესები დეკემბერში გადაინაცვლებს, ეს ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად უფრო რთული იქნება, რადგან დეკემბრამდე პოლიტიკური პროცესები მის სასარგებლოდ არ წარიმართება.

- ეპიდემიოლოგების თქმით, დეკემბერი, ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით, ბევრად უფრო მძიმე თვეა, ვიდრე ოქტომბერი. თუ ნამდვილად კოვიდინფექციის გავრცელების გამო აპირებენ არჩევნების გადადებას, როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები ბევრად უფრო საფრთხის შემცველ თვეში, ვიდრე ოქტომბერია?

გია ხუხაშვილი: „საერთოდ, გამორიცხული არაფერია, ობიექტური მდგომარეობა ისეთია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინში რაიმე რომ გამწვავდეს, არჩევნები გადადება გასაგები და ლოგიკურიც იქნება.

მე ხელისუფლების განცხადებებში არ დავინახავდი მაინცდამაინც პოლიტიკას, მაგრამ სჯობს, კობახიძე თუ არ გადმოდგება მეტი ეპიდემიოლოგი და ვირუსულოგი და თუ არ ილაპარაკებს, ეპიდემიოლოგებისა და სპეციალისტების ნაცვლად.
არ მგონია, რომ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, ხელისუფლებისთვის არჩევნების ოქტომბრიდან დეკემბერში გადატანა სასარგებლო იყოს. დეკემბერში მათ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა ექნებათ. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების გადადებაში პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ვხედავ.

დეკემბერი ხელისუფლებისთვის საარჩევნოდ ბევრად უფრო რთული იქნება“.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნა თუ „ასრულებული ოცნება“?!

პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა თუ მედიასივრცეში აქტიურად მიდის მსჯელობა და პროგნოზი, რომ საკონსტიტუციო ცვლილები ჩავარდება და 2020 წლის არჩევნები ძველი სტილით - 72 მაჟორიტარითა და 73 პარტიული სიით გასული დეპუტატით - ჩატარდება.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ხელისუფლება რეპუტაციულად იმდენად „განულებულია“, ცვლილების ჩავარდნა გამორიცხული არ არის.

გია ხუხაშვილი: „ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ, კი ბატონო, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მათ მიერ გადაგდებული საზოგადოება და აქედან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავ.
პირობის შესრულების თვალსაზრისით, ხელისუფლება რეპუტაციულად ისედაც განულებულია. მათ, პრაქტიკულად, არც ერთი პირობა არ შეუსრულებიათ, მათ შორის, საჯაროდ გაცემულიცა და ხელმოწერილიც.

რაღაც მომენტიდან, ადამიანი ცუდი რომ არის, ამას ეჩვევი და კიდევ ერთხელ, რომ აშავებს, მერე შენთვის აღარაფერი იცვლება“.

ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარულ ნაწილში, პირველივე ტურში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაამარცხებენ.

ოპოზიციის საარჩევნო პროგნოზების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ ეს მაინცდამაინც რეალისტური ხედვა არ არის. 

- 2020 წლის არჩევნებში, მაჟორიტარულ ნაწილში, მოიპოვებს თუ არა ოპოზიცია პირველივე ტურში გამარჯვებას?!

გია ხუხაშვილი: „არა მგონია, რომ ეს მაინცდამაინც რეალისტური ხედვაა იყოს, რადგან იმ ოპოზიციის ჯამური მაჩვენებელი, ვინც ამ კოორდინაციაშია, არ არის კრიტიკული - ანუ 50 + 1 ისევე, როგორც - ხელისუფლების.
ფლანგზე აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ცენტრს არჩევნების პირველივე ტურში დამთავრების საშუალებას არ მისცემენ.
ალბათ, უმეტეს შემთხვევებში, ჩვენ მეორე ტურებს ვიხილავთ“.

სააკაშვილის ერთიანი სია - 2012 წლის ანალოგი და შანსი ოპოზიციისთვის, თუ პოლიტიკური რისკი?!

ოპოზიციის ერთიანი სია, რომლის ინიციატორი ექსპრეზიდენტი სააკაშვილია, მიუღებელი აღმოჩნდა თავად ოპოზიციური ფრონტისთვის.

ხუხაშვილის აზრით, საერთო სია ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება და არჩევნებში იმაზე მეტ ხმას დაკარგავს, ვიდრე შესაძლოა, ცალ-ცალკე ასპარეზობის შემთხვევაში მოეპოვებინათ.

- ერთიანი სიის იდეა არის თუ არა 2012 წლის პოლიტიკური „რიმეიქი“ სააკაშვილის მხრიდან, თუ მისი ეს შეთავაზება მხოლოდ პოლიტიკური დომინანტობის შენარჩუნების მცდელობაა?!

გია ხუხაშვილი: „წმინდა პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, ერთიანი სია არ არის სწორი ფორმულა.

ეს იქიდან გამომდინარე, რომ არის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა წარსული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტიორების სახით. მას სჭირდება რაღაც მესამე არჩევანი , ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები.

ერთიანი სია მხოლოდ დააზიანებს ოპოზიციასა და მის ინტერესებს. გეტყვით რატომაც: თვითონ ოპოზიცია საკმაოდ ეკლექტურია და მათ ყველას ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი, რომლებიც ხშირად, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში შედიან. შესაბამისად, ასეთი ერთიანი სია ჯამურად იქნება იმაზე ნაკლები ხმის მომტანი, ვიდრე, ცალ-ცალკე შეუძლიათ, აიღონ არჩევნებზე.

მაგალითად, შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს არ მოსწონდეს ბურჯანაძის ამომრჩეველი და ამის გამო არ მისცეს ხმა ერთიან სიას, ან სულაც - პირიქით.

ვფიქრობ, რომ ოპოზიციას პროპორციულში რაც უფრო გაშლილი ფრონტის ხაზი ექნება, მით უკეთესია იმისათვის, რომ საპროტესტო ელექტორატის მთლიანი შეწოვა მოხდეს. შუაზე გაკრეფა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია.
რაც შეეხება მაჟორიტარულს , ამ ნაწილში გარკვეული კოორდინაცია გასაგებია და ამაში არის გარკვეული ლოგიკა“.

ხუხაშვილის მედიაფორმულა - ანუ ვინ იგებს მედიაომს?

პოლიტიკურ პროცესებში მედიის გადამწყვეტ როლსა და მნიშვნელობაზე ექსპერტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ქართული მედიასაშუალებები ნეიტრალურ ამომრჩევლებზე „მუშაობენ“ და ცდილობენ, ამა თუ იმ დაპირისპირებული ბანაკის „ლუსტრირებას“.

„სამწუხაროდ, მედიასაშუალებები, როგორც ყოველთვის, წინასაარჩევნოდ პროპაგანდა კონტრპროპაგანდის წყაროდ იქცევიან ხოლმე, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.
ისინი, ფაქტობრივად, საარჩევნო ვექტორზე იწყებენ მუშაობას და ახლა ამ პროცესში ვართ.

ის, რაც ხდება „იმედზე“, „პოსტივიზე“ და ხელისუფლების ორბიტაზე მყოფ მედიასაშუალებებში, ეს არის სრული კატასტროფა.

რაც ხდება ოპოზიციაში, გასაგებია იმიტომ, რომ ისინი რაღაც პოლიტიკურ ვექტორზე არიან აწყობილნი. მედია, ფაქტობრივად, საარჩევნო პროცესის ნაწილია.

მე არ ვფიქრობ, რომ ამ მედიასაკითხში ოპოზიცია-ხელისუფლებიდან, რომელიმე წინ არის ან უკან, არც იმას ვფიქრობ, რომ მედიას რაღაცის პრინციპულად შეცვლა შეუძლია.

მედია ახლა იბრძვის ნეიტრალური ამომრჩევლისათვის და ნეიტრალურ ამომრჩეველთან ხდება მეორე ბანაკის ლუსტრირება.

ვფიქრობ, რომ პროპაგანდა განსაკუთრებით საზიანოა მაშინ, როდესაც ის ხელისუფლების მხრიდან არის კონტროლირებადი.

მედიას ოპოზიციურ ძალებთან რომც ჰქონდეს კონტაქტი, ეს იმხელა უბედურება არ არის, რამდენადაც ხელისუფლებასთან კავშირები. მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია არის - არა პარტიების დაბალანსება, არამედ ხელისუფლების დაბალანსება.

თუ მედია იწყებს ხელისუფლებაზე მუშაობას, ეს უკვე სახიფათო ხდება.

ხელისუფლებას აქვს ძალადობაზე მონოპოლია და როდესაც პროპაგანდა მის ძალადობას ფუთავს, ეს, ადამიანების სხვადასხვა უფლებების დარღვევების თვალსაზრისით, ძალიან სახიფათოა.
კრიტიკული მედია, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულის თვალსაზრისით. ძალიან აგრესიულიც კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს ჩვენ, მაგალითად ტელეკომპანია „მთავარი“ მუშაობს პოლიტიკურ ამოცანაზე და ძალიანაც რომ არ მოგვწონდეს, მისი მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისათვის, რომ ეს ძალადობაზე მონოპოლიის პროპაგანდა ცოტათი მაინც დააბალანსოს და ძალიან სახიფათო სახელმწიფო მანქანა დაამუხრუჭოს.

ანა ქორჩილავა