ვინ მოიტეხს ხელ-ფეხ-კისერს ივანიშვილის უმრავლესობაში - “გავრილოვის ღამის“ წლისთავზე საკონსტიტუციო ცვლილებები I მოსმენითვე რომ ჩავარდეს?
ვინ მოიტეხს ხელ-ფეხ-კისერს ივანიშვილის უმრავლესობაში - “გავრილოვის ღამის“ წლისთავზე  საკონსტიტუციო ცვლილებები I მოსმენითვე რომ ჩავარდეს?

A+ A-

15:02 19/06/2020

„გავრილოვის ღამის“ წლისთავზე ,  21 ივნისს, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე კანონპროექტმა პირველივე მოსმენითვე „დალიოს ჩაილურის წყალი“. ოპოზიცია უკვე ღიად ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება“ ამისთვის ემზადება და ხელს შემდეგ ოპოზიციისკენ გაიშვერს, რომელიც ამ დროს, დიდი ალბათობით, პარლამენტს გარეთ იქნება აქციაზე. 

მეტიც პარლამენტის საგანგებო სხდომაც შესაძლოა, ზუსტად ამიტომ ჩაინიშნა 21-ში, თანაც კვირას - არასამუშაო დღეს და არა, მაგალითად,  ორშაბათს - 22-ში, როცა აქციების გაგრძელების ალბათობა დიდია და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დაბრალება უპასუხისმგებლო ოპოზიოციაზე ადვილად მოხდება.

მოკლედ, საკონსტიტუციო ცვლილებებს რომ  მორიგი გასაჭირი ადგას და ის შესაძლოა, პირველივე მოსმენით ჩავარდეს,  ამომრჩეველს კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არა ახალი 120/30-ზე სისტემით, არამედ ისევ ძველი წესით  - 72/73-ზე - მოუწიოს არჩევანის გაკეთება, რეალურია.

ჩავარდება - არ ჩავარდება, ჩავარდება - არ ჩავარდება?!

თუ კანონპროექტი 21 ივნისს დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე პირველივე მოსმენით ჩავარდება და ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ შეეცდება, ხელი გაიშვიროს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობის გამო, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი და „გავრილოვის ღამის“ წლისთავის გასაპროტესტებლად ქუჩაში გასული ორი ოპოზიციური პარტიისკენ - „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსკენ“, ეს იქნება მართლაც ფანდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაითამაშა, რადგან ამ ეტაპზე, ცვლილებების მისაღებად საჭირო 115  ხმა მას აქვს.

და აი, რატომ, მივყვეთ პროცედურულად:

1.როდესაც კანონ-პროექტი პარლამენტში განსახილველად შედის, სხვადასხვა პროცედურების გავლის შემდეგ, მათ შორის სახალხო განხილვის, ასევე გადის განხილვას წამყვან კომიტეტში. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში. წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია და ამ ცვლილებების განხილვა იქ დღეს გაიმართება.

2.საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი  კანონად გადაქცევამდე  პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

3.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 თავის 110-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კანონპროექტის პირველი მოსმენისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები.

სწორედ ამ პრინციპით მოხდება 21 ივნისს ახალი საკნსტიტუციო ცვლილებების კანონ-პროექტის პირველი მოსმენით განხილვაც.

4.ახლა კი მთავარი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 თავის 111-ე მუხლის მე-15  პუნქტის თანახმად, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ,

სწორედ აქაა მთავარი პრობლემაც, თუ პირველი მოსმენით კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა, ის საერთოდ უარყოფილად ითვლება და საკონსტიტუციო ცვლილებები  „ჩაილურის წყალს მეორედ დალევს“.

ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი კანონ-პროექტის პირველი მოსმენით ჩავარდნით, საბოლოოდ დამთავრდება ის იწილო-ბიწილო პოლიტიკური თამაშები, რაც ამ ცვლილებების გარშემოა ატეხილი  - თავისი საერთაშორისო ზეწოლით, ანუ სენატორ-კონგრესმენების წერილებითა და ხელისუფლებაზე ევროპული ზეწოლით, საპროტესტო გამოსვლებით, პოლიტიკური დაპატიმრებებითა და ასევე 8 მარტის პოლიტიკური  შეთანხმებით.

„საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხეებს ვხედავთ“, -  თქვა პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ  რამდენიმე დღის წინ ღიად გამოგვიცხადა და ამავდროულად, სხვა თანაგუნდელების მსგავსად შეგვატყობინა, რომ ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ 92 დეპუტატი ცვლილებებს მხარს დაუჭერს.  

 

„როცა არის საუბარი, ჩავარდება თუ არა ცვლილებება, ორი უპასუხისმგებლო ძალაა ამ ქვეყანაში: ნაციონალური მოძრაობა" თავის "ევროპული საქართველოთი", რომელიც მონაწილეობას არ იღებს კენჭისყრაში და "ქართული ოცნება", რომელმაც შეიძლება რაღაც ფანდი გაათამაშოს და თქვას, რომ ვიღაცას ფეხი ეტკინა და ვერ მოვიდა“, - ამის შესახებ  ფრაქციადამოუკიდებელი დეპუტატების"  წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და დაამატა, რომ მისი ფრაქციის 6 წევრი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაზუსტებულად აძლევს ხმას.

 საკონსტიტუციო ცვლილებებს რომ ხმას აძლევს, ეს არა ერთხელ დაადასტურა პატრიოტებისლიდერმა, ირმა  ინაშვილმა. მათ ფრაქციას, მართალია სულ რამდენიმე დღის წინ გამოაკლდა 1 წევრი ემზარ კვიციანი, რომელმაც საერთოდ დატოვა პარლამენტი, მაგრამ დანარჩენი 6 წევრი, აქამდე დადასტურებული ინფორმაციით, ხმას აძლევს ახალ ცვლილებებს.

21 ივნისამდე კი, როცა ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვაა დაგეგმილი, „პატრიოტები“ კვიციანის ნაცვლად ახალი დეპუტატის შეყვანას ვერ მოასწრებენ, პროცედურების გამო. თუმცა, წესით, მათი 6 ხმა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება.

120/30-ზე ( 120 პროპორციუ;ლი სიით გასული და 30 მაჟორიტარი) სისტემით ახალი არჩევნების ჩატარებას ემხრობა ყოფილი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის რამდენიმე თანაგუნდელიც, რომლებმაც „ქართული ოცნება“ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო დატოვეს.

თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი, წესით, იმ დეპუტატთა სიაში არიან, რომლებიც ცვლილებების კანონპროექტს ხმას არათუ პირველ მოსმენაზე, არამედ - სამივეზე მისცემენ.  ესეც კიდევ ჩუგოშვილიანად 7 ხმა „ქართულ ოცნებას“.

აქვე ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის მიღებაში აუცილებლად დაუჭერენ მხარს ყოფილი ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურისკონსერვატორები“,  სულ 3 დეპუტატი: თავად ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ნინო გოგუაძე.

მათაც ნოემბერში დატოვეს „ქართული ოცნების“ კოალიცია, ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო.  

„ძალიან საკვირველია, თუკი მაინც პროპორციული იქნებოდა დომინანტი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მაშინ რატომ ჩავარდა წინა საკონსტიტუციო პროექტი და უღირდა კი მმართველ სახელისუფლებო გუნდს იმ ზარალის მიღება, პოლიტიკური ნეგატივების ჩაწერა, რომელიც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ იმიტომ მიიღო, რომ მან ჩააგდო მაშინ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება.

რაც შეეხება ეხლა შემოტანილ საკონსტიტუციო პროექტს, სადაც 120 პლუს 30 ფორმულით დაკომპლექტდება პარლამენტი, კონსერვატორები დავუჭერთ მხარს. და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკეთესი ვერსია, ვიდრე 77 პლუს 73“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა რამდენიმე კვირის წინ.

 

ახლა კი, დავითვალოთ ხმები:

გროვდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა პარლამენტში.

92 ხმა თავად „ქართულ ოცნებას“ აქვს, თავისი ამბოხებული მაჟორიტარებიანად, რომლებმაც წინა ცვლილებები ჩააგდეს. მათგან ყველა, ჯერჯერობით, ხმას აძლევს ახალ კანონპროექტს.

ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც საჯაროდ გააჟღერა, რომ ცვლილებებს ხმას არ მისცემს და 72/73-ზე სისტემას (72 მაჟორიტარი, 73 პროპორციული სიით გასული დეპუტატი) ემხრობა, მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილია, რომელიც თავს ბუნებით მაჟორიტარად თვლის.

სამაგიეროდ, ცვილებებს ხმას მისცემს "ოცნებიდან" წასული კიდევ ერთი დეპუტატი ეკა ბესელია.

მოკლედ,  ზემოთ  ჩამოთვლილი საპარლამენტო შემადგენლობა რომ შევკრიბოთ, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“  115  ხმა უგროვდება, რაც საკმარისზე მეტიცაა და თუ ივანიშვილ-ხუნდაძისეული ფანდი კვლავ არ გათამაშდა, მმართველ ძალას შეუძლია  -, „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშეც მიიღოს პირველი მოსმენით ახალი კანონპროექტი. კახა ოქრიაშვილიც რომ გამოაკლდეთ, საჭიროზე ერთით მეტი ხმა აქვთ რეზერვში.

მოკლედ, „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 21 ივნისს - „გავრილოვის ღამის“ წლისთავს - სიმბოლურად დაამთხვია მათთვის აქილევსის ქუსლად გამხადრი საკონსტიტუციო ცვლილებები და რომლის ჩატარების პირობაც სწორედ თვალების დათხრის შემდეგ მისცა საზოგადოებას და მერე გადააგდო, ისტორიული შანსი აქვს,  21 ივნისს გამოასწოროს წინა 21 ივნისის შემდეგ ჩადენილი აფიორა ცვლილებებზე, ან საბოლოოდ გადაუსვას ხაზი მისი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე ორიენტირებული და ხალხისთვის საიმედო პოლიტიკური პარტიის სახელს,

ივანიშვილის ყველა ლიდერს ცალ-ცალკე რომ ჰკითხოთ, თავი ხომ ზუსტად ასეთ მმართველებად მიაჩნიათ, ჰოდა,  21 ივნისს  ნამდვილად შეუძლიათ - ან ფეხ-ხელ-კისერმოტეხილ საკუთარ დეპუტატებზე ექიმებისგან გაცემული ცნობები აფრიალონ, თუ რატომ ვერ დაესწრნენ 21-ში სხდომას , ამის „გასაპრავებლად“ ,  ან ცვლილებები მიიღონ ადამიანურად. 

რუსა მუმლაძე