მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა - ჯანმო კი უარესის მოლოდინშია
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა - ჯანმო კი უარესის მოლოდინშია

A+ A-

11:23 30/06/2020

გასულ 24 საათში, მსოფლიოს მასშტაბით,  ინფიცირების 160 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა  10 412 437 გახდა. აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი - ინფიცირებული ქვეყნების ლიდერთა ხუთეული რამდენიმე კვირაა, უცვლელია.

როგორც "worldometers"-ის სტატისტიკიდან ირკვევა, სულ გარდაცვლილია ნახევარ მილიონზე მეტი -  508 228 ადამიანი, მათგან 4 ათასამდე ინფიცირებული "ჩინურმა ვირუსმა" გასულ დღე-ღამეში იმსხვერპლა.

"უხილავ მტერს" კვლავ ებრძვის 4.2 მილიონზე მეტი პაციენტი, ხოლო  5.6 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე დიდი ზიანი ამერიკის შეერთებულ შტატე მიადგა, სადაც 2.6 მილიონზე მეტი ინფიცირებისა და გარდაცვალების 128 ათასამდე ფაქტია დადასტურებული.

შტატებში, მხოლოდ გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 45 ათასამდე ახალი ფაქტი გამოვლინდა, 346 ადამიანი კი გარდაიცვალა.

სტატისტიკაში მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, სადაც ინფიცირების 1.3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 60 ათასამდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ იქ გასულ 24 საათში ინფიცირაბის 26 ათასამდე და გარდაცვალების 727 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

"მსოფლიო ლიდერთა" სიაში მესამე ადგილზე კვლავ რუსეთია, იქ ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე რამდენიმე კვირაა 600 ათასს გადააჭარბა, მხოლოდ გასულ დღე-ღამეს ვირუსის 6 719 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან  დღემდე გარდაცვლილია 9 166 ინფიცირებული, მათგან 93 პაციენტი მხოლოდ გუშინ გარდაიცვალა.

მსოფლიო სტატისტიკაში მეოთხე ადგილს ინდოეთი იკავებს. იქ,  გასულ 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 18 339 ახალი ფაქტი გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 567 536-მდე გაიზარდა, ინდოეთში „ჩინურმა ვირუსმა“ იმსხვერპლა 16 904 ადამიანი, მათგან 417 მხოლოდ გასულ დღე-ღამეში.

ლიდერთა სიაში მეხუთე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. იქ ინფიცირების 311 965 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში. მხოლოდ გასულ 24 საათში, 814 ადამიანი დაინფიცირდა. სულ გარდაცვლილია 43 575 ადამიანი, მათგან 25  ახალი ფაქტია.

უკვე რამდენიმე თვეა დიდი ბრიტანეთი გამოჯანმრთელებულთა და კვლავ ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს.

ინფიცირების ყოველდღიური მატების მიუხედავად, ქვეყნებმა ნელ-ნელა კორონავირუსული შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიოს უარესი წინ ელოდება და ახლოსაც კი არ ვართ პანდემიის დასრულებასთან.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა, სადაც ვირუსი უკვე დამარცხებულად ითვლება.

ბოლო მონაცემებით, ვირუსი დადასტურებულია 213 ქვეყანაში.

მარიამ მაჭარაშვილი