როცა ელჩს უწუნებ დიპლომატობას, ამით "ნაციონალური მოძრაობის" ე. წ. პროდასავლურობის ლუსტრაცია ხდება - ოხანაშვილი
როცა ელჩს უწუნებ დიპლომატობას, ამით "ნაციონალური მოძრაობის" ე. წ. პროდასავლურობის ლუსტრაცია ხდება - ოხანაშვილი

A+ A-

10:43 30/06/2020
"ნაციონალურ მოძრაობას" სძულს განსხვავებული აზრი, რადგან წარმოუდგენელია, საუბრობდე პროდასავლურ ღირებულებებზე და თან დიპლომატს თავს ესხმოდე.
 
ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
 
ოხანაშვილის თქმით, ელჩისთვის საქმიანობის დაწუნება კიდევ ერთხელ ახდენს ოპოზიციის ლუსტრაციას.
 
"რეალურად აქ გამოიკვეთა, განსხვავებული აზრის როგორი მიუღებლობა აქვს ამ ჯგუფს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, გამოიკვეთა მათი ე.წ. პროდასავლურობა, მათ სძულთ განსხვავებული აზრი.
 
ეს არის ამ ოპოზიციური ჯგუფის კიდევ ერთი ლუსტრაცია, როცა ელჩს უწუნებ დიპლომატობას, როცა ევროკავშირის წამყვან ქვეყანას, გერმანიას, გერმანელ ხალხს და მის წარმომადგენელს აყენებ შეურაცხყოფას, რადგან შენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი.
 
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა მოწოდებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია მსგავსი საქციელი, რომელიც არც ეთიკურობაში ჯდება და მიუღებელია, როცა ამ ტონით ესაუბრები ჩვენი სტრატეგიულო ქვეყნის წარმომადგენელს.
 
ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოოდ დაესმევათ წერტილი, მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს ე.წ. ფარდის ახდა თავიანთი პროდასავლურობის.
 
წარმოუდგენელია, ერთი მხრივ საუბრობდე, რომ ხარ პროდასავლური ღირებულებების მიმდევარი, ძვირფასია განსხვავებული აზრი და მეორე მხრივ, დიპლომატს თავს ესხმოდე იმისთვის, რომ განსხვავებული და მართალი აზრი არის შენთვის მიუღებელი.
 
ეს დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმა და კიდევ ერთხელ ამხილეს იმაში, რომ მათი ეს ქცევა სრულიად მიუღებელია და არანაირ ეთიკასა და მორალში არ ჯდება,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
 
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გააკრიტიკა გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო.
 
გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.