ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ შაქარაშვილს თითქოს ფეხი დაუცდა, შესაძლოა მოკლეს - ადვოკატი
ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ შაქარაშვილს თითქოს ფეხი დაუცდა, შესაძლოა მოკლეს - ადვოკატი

A+ A-

11:50 30/06/2020
შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მართლაც მოკლეს. ამის შესახებ გარდაცვალების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკამა, მზია ქასრაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
ქასრაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განიცდის, რომ გიორგი შაქარაშვილი ვერ გადაარჩინა.
 
„გუშინ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილს ბლაგვი საგნით დარტყმა აქვს მიყენებული, რომელიც მუშტს არ ჰგავს, უფრო ძლიერია. ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა.
 
რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებაა და არა სხვისი.
 
ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ მას თითქოს ფეხი დაუცდა.
 
ექსპერტიზა რას დაადგენს, მასზეა დამოკიდებული. რაც შეეხება გიორგისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობას, როდესაც ისინი მეორე ავტომობილის მოსვლის შემდეგ გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, მეორე მირბის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მესამე, უკან მოსდევთ ამირხანაშილი. გიორგი ძალიან სწრაფი ნაბიჯით და პირდაპირ მიდის.
 
როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, სადაც კი ვნახე, რომ ბეტონის ფილა აღარ იყო, მაშინვე გზა ჩავჭერი, ციცაბო იყო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, უკან არაერთი ადამიანი მოგვდევდა, მძიმე სუნთქვითა და გინებითო.
 
ისინი გამარჯობის სათქმელად არ მოდიოდნენ, ამიტომ, თავიანთი თავის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. მან ჩაჭრა ციცაბო, გადავიდა მეორე გზაზე, სადაც ხიდია.
იქ დღე ვერ ჩავიდოდა, ორი ნაბიჯი რომ გადაედგა, უკვე არაგვში იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მან ეს არ იცოდა და იქვე ბუჩქებში ჩაჯდა.
 
არ ვიცი, რას ჩავეჭიდეო, პლასტმასის ბოთლები იყო და ამან უფრო გამიიოლა ჩასვლა, ჩავსრიალდიო, თან წინა დღეებში წვიმა იყო და ნიადაგი სველი იყოო.
 
ბუჩქებს მოვკიდე ხელი, რომ მთლად არ გადავარდნილიყავიო. მთლიანად დაკაწრულია, შორტი ეცვა და მთლიანად დაჩხაპნილია, შემოხეული აქვს ყველაფერი ეკლებისა და ბუჩქებისგან, იქ დაახლოებით 30-35 წუთი ვიყავი და მესმოდა ხმები-„სად წახვედით, გამოდით“ და გინებაო.
 
როდესაც გიორგი წინ მირბოდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხედველობის არეალში გიორგი უკვე დაიკარგა და არ იცოდა, სად იყო“, - აცხადებს ადვოკატი.
 
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დასახმარებლად თავის მეგობრებს დაურეკა, რომლებმაც ტაქსი გამოგზავნეს.
 
„მას რომ სცოდნოდა, გიორგი იქვე იყო დამალული, მაშინ აუცილებლად მოძებნიდა, ამასაც ნერვიულობს, რომ მე ის ვერ გადავარჩინეო.
 
არ ვიცოდი, თორემ არ წამოვიდოდი, მთელ ღამეს იქ გავათენებდი და მოვძებნიდიო“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი.
 
შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
 
4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
 
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.
 
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
 
ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.