დააკავეს პირი, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა
დააკავეს პირი, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა

A+ A-

12:02 30/06/2020
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
 
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.
 
ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.