"ძველი ბიჭები" ზეწოლას ახორცილებენ ამომრჩეველზე - რატიანი
"ძველი ბიჭები" ზეწოლას ახორცილებენ ამომრჩეველზე - რატიანი

A+ A-

11:52 30/06/2020

საარჩევნო კოდექსში კონკრეტული წესებია შესაცვლელი. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, შესაცვლელია საარჩევნო უბნებთან შეკრების წესი და გარკვეულ რადიუსზე შეკრება აკრძალული უნდა იყოს.

„აქ, ხელისუფლება, როგორც წესი, ადმინისტრაციულ რესურსზე არის ხოლმე მიმართული. გარდა ამისა, კოორდინატორები და „ძველი ბიჭები“ ზეწოლას ახორცილებენ ამომრჩეველზე. ამიტომ უნდა იყოს გარკვეული რადიუსი, მითუმეტეს, პანდემიის დროს ისედაც მიზანშეწონილია, რომ გარკვეული სივრცე იყოს. ამიტომ, ეს არის ერთი წესი, რომელიც უნდა შეიცვალოს.

მეორე, მნიშვნელოვანია, რომ დაშვებული იყოს პოლიტიკური რეკლამა არამხოლოდ საარჩევნო დროს, არამედ დანარჩენ პერიოდში. ახლა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ე.წ კარდაკარი და ეს ტრადიციული საარჩევნო კამპანია ალბათ გაჭირდება.

მითუმეტეს, ამ ვითარებაში საარჩევნო რეკლამა მოსამატებელია. მესამე - აუცილებელია, რომ დაემატოს გარკვეული საარჩევნო უბნები, იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, აქ, თავმოყრა და დისტანცია დასაცავია, გასაყოფია დიდი საარჩევნო უბნები. ქვეყნის მასშტაბით, ალბათ დასამატებელი იქნება დაახლოებით 500-მდე საარჩევნო უბანი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ცნობისთვის, როგორც „2020NEWS“-ს მმართველი პარტიის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კენჭისყრას უახლოეს დღებში დაიწყებს, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნება ის რეგულაციები, რაც საარჩევნოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება

როგორც კონსტიტუციურ კანონის პროექტშია აღნიშნული, დედაქალაქში 8 საარჩევნო ოლქი იქნება, ხოლო დანარჩენი 22 - რეგიონებში.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.  ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.