სკანდალი: ექსელჩი ელჩის წინააღმდეგ - ბოკერია არ დაზარალდება! ელჩს გამართლება არ აქვს, მოვალეობას გადაახტა!
სკანდალი: ექსელჩი ელჩის წინააღმდეგ - ბოკერია არ დაზარალდება! ელჩს გამართლება არ აქვს, მოვალეობას გადაახტა!

A+ A-

13:39 30/06/2020

გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თავის მოვალეობებს გადააბიჯა და დიპლომატიური პროტოკოლი დაარღვია, შესაბამისად კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი კრიტიკისთვის პოლიტიკურად არ დაზარალდება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.  ამის შესახებ „2020NEWS”-თან იაპონიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და უშიშროების საბჭოს ექსმდივანმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით კი, ბოკერია ის ოპოზიციონერია, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პრემიერის პოსტზე მოიაზრება და მისი კანდიდატურა პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად განიხილება.

დიპლომატიაში, მასპინძელ ქვეყანაში ელჩის საქმიანობის  დაწერილი და დაუწერელი კანონები არსებობს. რასაც ჩვენ ვხედავთ - უტაქტო ჩარევასა და ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერას გერმანიის ელჩის მხრიდან, ცალსახად იმაზე მიანიშნებს, რომ ჰუბერტ ქნირში არღვევს ნებისმიერ დიპლომატიურ  პროტოკოლსა და მასპინძელი ქვეყნაში საქმიანობის ეტიკეტს,  ემხრობა პოლიტიკური პარტიის პოზიციას. მას არ აქვს ამის უფლება, რომ მხარი დაუჭიროს, პოლიტიკურ ორგანიზაციას. 

პოლიტიკოსების შეფასებები, რა თქმა უნდა, არის გადამეტებული, იქნება ეს ბოკერია თუ ნათელაშვილი, მაგრამ ელჩმა  კონკრეტული მითითების ან კრიტიკის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მისცეს, მაგრამ თუ ამას აკეთებს, ეს მხოლოდ მის პირად მოსაზრებად უნდა იყოს დაფიქსირებული. როცა ამას ელჩი აკეთებს, ეს  ყოველთვის ხდება არაფორმალურ გარემოში და ამ დროს,  უნდა დაკონკრეტდეს, რომ მისი პირადი პოზიციაა, სხვა შემთხვევაში, ელჩი გერმანიის სახელმწიფოს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

გერმანია აღმოჩნდება ძალიან გაუგებარ სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც  8 მარტის ხელშეკრულების მონაწილე მხარე მხოლოდ გერმანია კი არა,  პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და, ევროსაბჭოა. კონკრეტული ქვეყნის ელჩს  მხოლოდ მათთან კონსულტაციების შემდეგ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, როცა მოლაპარაკებებში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები იგივე პოზიციას არ აფიქსირებენ, გამოდის, რომ  „გერმანიის ელჩმა ელჩის მოვალეობას გადააბიჯა“. მეტიც, მაჭავარიანის თქმით, შეუთანხმებელი პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებით, დაწერილი თუ დაუწერელი დიპლომატიური პროტოკოლითა და წესებით, ელჩის საქციელი „გამართლებას არ ექვემდებარება“.

 „ის, რომ „ქართული ოცნება“ და მისი საგარეო უწყება ამ ინციდენტს იყენებს ოპონენტების საწინააღმდეგოდ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად აზროვნებს.

მან გერმანიის ელჩს უნდა მიუთითოს, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში მსგავს ჩარევას ადგილი არ უნდა ჰქონოდა მისი მხრიდან. ხელისუფლება კი პირიქით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის, ანუ გერმანიის ელჩის ივანიშვილთან კონტაქტების გამო, ცდილობს, ყველაფერი პოლიტიკურ ოპონენტებს გადააბრალოს და გერმანიის ელჩს არ მიუთითოს, რომ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების კეთება მისი საქმე არ არის“, -  განუცხადა სააგენტოს მაჭავარიანმა.  

გერმანიის ელჩისა და ოპოზიციური ფლანგის დაპირისპირება შესაძლოა თუ არა, ოპოზიციისთვის, კერძოდ კი,  “2020NEWS”-ის ინფორმაციით, მომავალი საპრემიერო კანდიდატის, გიგა ბოკერიას შანსებისა და იმიჯის  დამაზიანებელი აღმოჩნდეს დასავლეთის თვალში,  მაჭავარიანი გვპასუხობს, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ნაკლებად სავარაუდოა,  ელჩის მიმართ გაკეთებული კომენტარის გამო, პოლიტიკურად  დაზარალდეს.

 „მე ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოსებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ეს არის გასაგები და მიღებული პრაქტიკა, მაგრამ როდესაც საუბარია ელჩზე, რომელიც დიპლომატიურ პროტოკოლს გასცდა და აკეთებს  პოლიტიკურ განცხადებებს, ის, ცალსახად, მიკერძოებულია. მეტიც, როცა ამ ფაქტს შემდეგ მმართველი ძალა იყენებს ოპონეტების წინააღმდეგ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში და პირველ რიგში, თავად  დიპლომატისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა, იმ ქვეყანაში საქმიანობისას.

მე შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც შეეხება გიგა ბოკერიას განცხადებას, იგი ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების ყველა რაუნდს ესწრებოდა, ის იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც გერმანიის, აშშ-ის ელჩებთან და მოლაპარაკებების სხვა ფასილიტატორებთან ერთად, ძალიან კარგად არის ინფორმირებული, თუ რაზე იყო საუბარი და რაზე მოხდა შეთანხმება.

მისი, როგორც პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა, თუ რა კომენტარს გააკეთებს ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით. მე არ მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს მისი დამაზიანებელი გრძელვადიანად.

საქართველო-გერმანიას შორის გასარკვევი საკითხები ბევრია.  მაგალითად, საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე , ევროკავშირთან ასოცირებაზე და შემდგომ მის წევრობასთან დაკავშირებით, არსებობენ მთელი რიგი საკითხვები, რომლებზეც  გერმანიას აქვს განსხვავებული პოზიცია და  ეს საკითხები მოსაგვარებელია. აუცილებელია,  ღიად საუბარი ამასთან დაკავშირები და არა მიკიბულ-მოკიბულობა. პროცესის საჯაროობა კი,  მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაგალითად,  როგორც ეს იყო ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების.

მათ შემთხვევაშიც, ზუსტად გერმანია იკავებდა გარკვეულ შემაკავებელ პოზიციას ამ ქვეყნების ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.  პოლიტიკოსებს შორის ამ თემებზე  ღიად საუბარი არის მნიშვნელოვანი  და ამას ერიდება „ქართლი ოცნება“ და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ხელისუფლება, რომელიც დიდი ალბათობით, იქნება კოალიციური,  სწორ გზას გამონახავს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე გერმანიასა თუ ევროკაგშირის სხვა ქვეყნებთან გულახდილი, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული დიალოგისათვის“ , - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, 26 ივნისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ იყო. 

"ბატონი რურუა არ არის ნახსნები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით", - განაცხადა ელჩმა.

აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია  და  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით,  გერმანიის ელჩი უკვე რამდენჯერმე გაეხვა „შარში“ და იგი „თარგმანშია დაკარგული“.

„თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს… ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შალვა ნათელაშვილმა კი  ჰუბერტ ქნირში ბიძინა ივანიშვილის „ლობისტად“ მოიხსენა და  მისი გაწვევა მოითხოვა.

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკი ელჩი რჩება ივანიშვილის ლობისტად და კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად. ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან, ისევე, როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც გახდა ოფიციალური მილიონერი, ჩვენი ცოდვით. ამიტომ მე მივმართავ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, ბუნდესტაგს, გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს", - განაცხადა "ლეიობორისტული პარტიის" ლიდერმა.

ანა ქორჩილავა