პარტიულ სიაში სამიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის - ბესელიას ინიციატივა
პარტიულ სიაში სამიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის - ბესელიას ინიციატივა

A+ A-

13:40 30/06/2020
პარლამენტში მეტი ქალის მოსაზიდად, საარჩევნო პროპორციულ სიაში, სამიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.
 
ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საარჩევნო კოდექსში ქალების კვოტის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.
 
როგორც მან განმარტა, შეთავაზება, რომელიც მან იურიდიულ კომიტეტს გაუგზავნა, 120-კაციან სიაში გარანტიას შექმნის, რომ 40 ქალი მაინც იყოს მომავალ პარლამენტში.
 
„ეს პროექტი სრულად არ ასახავს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს, მათ შორის, ეს ცვლილებები სამწუხაროდ, არ ეხება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არჩევნების ჩატარების დროს.
ამავე დროს, სარეკლამო დროის გადანაწილება არაკვალიფიციური ანუ ახალი პარტიებისთვის ისევ რჩება პრობლემად.
 
მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე ვაპირებ ალტერნატიული წინადადებით შესვლას, უკვე ეს წინადადება გავუგზავნე იურიდიულ კომიტეტს და განიხილება სესიაზეც, ეხება ქალთა მონაწილეობის საკითხს და მეტი ქალის შესაძლებლობას იყოს წარმოდგენილი საარჩევნო სიაში.
 
მოცემულ პროექტში არის ოთხში ერთი განსხვავებული სქესი, რითაც დიდად არაფერი იცვლება, თუ ასე დარჩება, ისევ იქნება ქალების საკმაოდ დაბალი მონაწილეობა.
 
ჩემი ვერსიაა, რომ მინიმუმ სამიდან ერთი იყოს განსხვავებული სქესის, რაც თანასწორობის იდეასთან უფრო მეტად არის ახლოს. რა თქმა უნდა, არც ეს არის იდეალური, მაგრამ უფრო ახლოს არის, რადგან ეს 120-კაციან სიაში გარანტიას შექმნის, რომ 40 ქალი მაინც იყოს მომავალ პარლამენტში და თუ მაჟორიტარები დაემატება, უფრო მეტად გაიზრდება," - განაცხადა ბესელიამ.
 
აღსანიშნავია, რომ როგორც "ლელო საქართველოს" წევრმა, კოსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ "2020NEWS"-ს განუცხადა, პარტია, რომელიც მეტ ქალს შეიყვანს მომავალ პარლამენტში, მეტ დაფინანსებას მიიღებს - ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება“ ახალი ინიციატივით გამოდის, რათა 2020 წელს არჩეულ პარლამენტში მინიმუმ 30 ქალის ყოფნა უზრუნველყოს.
 
მისივე განმარტებით, ინიციატივის მიხედვით, პარტიებს ვალდებულება ექნებათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი წარადგინონ.
 
ხოლო რაც შეეხება 2021 წლის საკრებულოს არჩევნებს, პარტიებს დაევალებათ, პარტიული სიის ყველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი წარადგინონ.
 
უფრო მეტიც, ამ ვალდებულებების გარდა, მმართველი პარტიის ახალი ინიციატივის მიხედვით, პარტია დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას საარჩევნო სიის ყოველი მესამეულში განსხვავებული სქესის წარმომადენელი ეყოლება წარდგენილი.
 
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კენჭისყრას უახლოეს დღებში დაიწყებს, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნება ის რეგულაციები, რაც საარჩევნოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.
 
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
 
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება როგორც კონსტიტუციურ კანონის პროექტშია აღნიშნული, დედაქალაქში 8 საარჩევნო ოლქი იქნება, ხოლო დანარჩენი 22 - რეგიონებში.
 
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.
 
პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.
პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც.
კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.
ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.