ამომრჩევლის მოსყიდვაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება - კობახიძე
ამომრჩევლის მოსყიდვაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება - კობახიძე

A+ A-

15:46 30/06/2020

პარტია, რომელიც არჩევნებზე 50 ათასის ფარგლებში ხმას მოიპოვებს, 1 ხმაზე 15 ლარს მიიღებს, ხოლო 50 000 ხმის ზევით - 5 ლარს. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამავე კანონპროექტის მომხსენებელია, ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ასევე საარჩევნო უბანთან, 25-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება შეიზღუდება. 

„საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება, ასევე იკრძალება 25 - მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხება. აქ გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება ნებისმიერი სახით, მაგალითად, თუ ამომრჩეველს შეაფერხებთ თუნდაც იმისთვის, რომ ჰკითხოთ ვის აძლევს ხმას, ეს იქნება უკვე დარღვევა.

ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის კუთხით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეგულაციები, რომელიც ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, გავრცელდება მაგალითად, ბაღებისა და სკოლების აღმზრდელებსა და პედაგოგებზე, ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. საარჩევნო დავების განხილვას რაც შეეხება, ვადები ზუსტდება და იცვლება, რაც არის მნიშვნელოვანი. ასევე, გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, ამჯერზე ყოველი მეოთხე და 2028 წელს გადავალთ ყოველ მესამეზე, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების დროს ყოველი მეორე იქნება სავალდებულო გენდერული კვოტა",- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, დგინდება დაფინანსების ახალი წესი, რაც პარტიების წახალისებას უზრუნველყოფს.

„დგინდება პარტიების დაფინანსების სრულიად ახალი წესი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლიანად გადანაწილდება ფინანსები პოლიტიკურ პარტიებს შორის. პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას, იყო აბსოლუტურად გაუგებარი და ირაციონალური სისტემა.

ჩვენ გადავდივართ მარტივი დაფინანსების სისტემაზე, რომლის მიხედვითაც პარტიის მიერ მისაღები დაფინანსება მიბმული იქმება პირდაპირ მიღებულ ხმებზე. იმისათვის, რომ საბაზისო კომპონენტი შევინარჩუნოთ და მცირე პარტიებს ეს წაახალისებს, გვაქვს 50 000 - იანი დათქმა - პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს 15 ლარს (თითო ხმაზე), შესაბამისად, თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 000 ხმას, მას ექნება გარანტირებული 750 000 - ლარიანი წლიური დაფინანსება.

ამის ზევით უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი. ანუ მცირე პარტიებს ეძლევათ საბაზისო დაფინანსება, რაც არის მილიონამდე გენდერული დანამატის ჩათვლით, მილიონზე მეტიც შეიძლება იყოს. შემდეგ სხვა პარტიებს ეძლევათ ნაკლები თანხა, ეს გამიზნულია იმისათვის, რომ მცირე პარტიებს მიეცეთ მეტი შანსი მსხვილ პარტიებთან შედარებით,"- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მკაცრდება ასეცე, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციებიც.

„პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე. ეს პროექტი მთლიანად შესაბისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან, ეს პაკეტი უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში,"- აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კენჭისყრას უახლოეს დღებში დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, მიღებული იქნება ის რეგულაციები, რომლებიც საარჩევნოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება

როგორც კანონის პროექტშია აღნიშნული, დედაქალაქში 8 საარჩევნო ოლქი იქნება, ხოლო დანარჩენი 22 - რეგიონებში.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.  ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.