სკანდალი: ორ დღეში ივანიშვილი-ნაცვლიშვილისგან დაფინანსებული კიდევ ერთი ოპოზიციონერის ვინაობა გასაჯაროვდება
სკანდალი: ორ დღეში ივანიშვილი-ნაცვლიშვილისგან დაფინანსებული კიდევ ერთი ოპოზიციონერის ვინაობა გასაჯაროვდება

A+ A-

13:29 01/07/2020

საზოგადოება რამდენიმე დღეში შეიტყობს იმ პიროვნების სახელსა და გვარს - პრორუსული ვექტორიდან, რომელიც ნაცვლიშვილ-ივანიშვილისგან ფინანსდება.

ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “2020NEWS”-ს ექსკლუზიურად განუცხადა.

„ახლა, ცოტა ხანში მეორე ტიპი დასახელდება, ახალ სახელსა და გვარს გაიგებთ რუსული ვექტორიდან, ვინც ნაცვლიშვილ-ივანიშვილისგან ფინანსდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ვინ არის ნაცვლიშვილ-ივანიშვილის დაფინანსებული კიდევ ერთი ოპოზიციონერი  სპიკერი და რომელი პრორუსული პარტიიდან,  ამ ეტაპზე ჩარკვიანი სააგენტოსთან საუბარისას არ აკონკრეტებს,  თუმცა,  პოლიტიკოსი მიუთითებს, რომ როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობისყოფილი წევრის, გიორგი ახვლედიანის დასახელება მოხდა, ასევე მოხდება ამ პიროვნების ვინაობის გასაჯაროებაც.

,,დაველოდოთ ორ დღეს. მე არ მინდა იმ ადამიანს გადავასწრო, ვინც ეს გამოძიება ჩაატარა, ამიტომ მე არ ავიღებ ჩემს თავზე კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებას. დაველოდოთ და მისი ვინაობაც ისევე გამოქვეყნდება, როგორც გიორგი ახვლედიანის სახელი და გვარი დაიდო პირდაპირ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 5 ივნისს გიორგი ახვლედიანმა პარტია “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა, ამის მიზეზად კი „ტვ პირველში“ გასული სიუჟეტი დაასახელა.

როგორც ახვლედიანმა განაცხადა. ტელევიზიაში გასული სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ის „ქართული ოცნების“ ე.წ. გარე სპიკერია, ტყუილია და ეს მისი პარტიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

“მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია „ტვ პირველში“ გასულ სიუჟეტს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ ე.წ. გარე სპიკერი. ეს ტყუილია და არ შეიძლება სენსაციისა და რეიტინგის გამო გამოიგონო ამბავი და მოიტყუო. კარგად ვხვდები, რომ ამ სიბინძურის ერთადერთი ადრესატი არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ. რამდენიმე თვე რჩება არჩევნებამდე. წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად დაწყებულია და ძალიან ადვილია ამ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს მუდმივად ამ ამბის წამოძახება და ბრალდების სახითაც შეიძლება წაუყენონ ეს სრული აბსურდი ამ პოლიტიკურ პარტიას. არ ვაპირებ, ჩემი პარტია მუდმივად უარყოფის პროცესში ჩავრთო ამ წინასაარჩევნოდ. ამიტომ, მივიღე ჩემი აზრით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია და ყველაფერ ამას ავაცილო ჩემი პარტია, რომლის წარმატებისა და კეთილდღეობისთვის ბევრი გავაკეთე“, – განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც დააანონსა.

ამ პროცესს კი წინ უსწრებდა “კანონი და სამართალის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნინო ბურჯანაძის პოლიტსაბჭოს მდივანი „ქართული ოცნებისგან“ ხელფასს იღებდა.

ანა ქორჩილავა