პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობა 9-დან 5-მდე მცირდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობა 9-დან 5-მდე მცირდება

A+ A-

16:47 01/07/2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა 9-დან 5-მდე შემცირდა. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული.
 
კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავინდებურად პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ვიცე-სპიკერს, ორი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით აირჩევა, ხოლო ორი - ოპოზიციის.
 
მათი არჩევა მოხდება ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.
 
ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
 
გარდა ამისა, იცვლება საპარლამენტო თანამდებობის კლასიფიკაციაც.
 
რეგლამენტის პროექტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ წარმოადგენს საპარლამენტო თანამდებობას, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობა უქმდება.
 
საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს ასევე დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ახალ საპარლამენტო თანამდებობებს, ესენია: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე (არსებობის შემთხვევაში).
 
ცნობისთვის, რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.