სქემა გაშიფრულია! - როგორ შეაღწია "ლეიბორისტების" ოფისში ბიძინა ივანიშვილმა და რა თამაში ჩაეშალა გიგა ბოკერიას?!
სქემა გაშიფრულია! - როგორ შეაღწია "ლეიბორისტების" ოფისში ბიძინა ივანიშვილმა და რა თამაში ჩაეშალა გიგა ბოკერიას?!

A+ A-

19:43 01/07/2020

სკანდალი ოპოზიციაში: თაკო ჩარკვიანი ღია ბრძოლას უკვე გიგა ბოკერიას წინააღმდეგ იწყებს და მისი იმ ვერაგი ჩანაფიქრის სქემას შიფრავს, რითაც ბოკერიამ  „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი ოპოზიცია მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ათამაშა... ამ თამაშში „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სარგებელი, რა თქმა უნდა - მომავალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტი გახლავთ! თუმცა, პერმიერობის მოსურნე ოპოზიციონერი შესაძლოა, სწორედ მან გადააგდოს, ვისთვისაც ოპოზიციას ათამაშებდა.

რატომ „ცუღლუტობს“ ბოკერია და გაუტარებს თუ არა ამ თამაშს მას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი? რა ომი მიდის კულუარებში? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერთან, თაკო ჩარკვიანთან.

თაკო ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას არ შეეკითხება და ისე დააყენებს კანდიდატურას საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, რადგან პირიქით, ბოკერიას დაყენებელ კანდიდატურებს ებრძოლოს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიასთან არსებული კოალიცია „ძალა ერთობაშია“ მხარს გიჭერთ, რომ საბურთალოზე დააყენოთ თქვენი კანდიდატურა. თუმცა, დაუჭერს თუ არა მხარს ლეობორისტული პარტიის ოფისში მყოფი ოპოზიცია და გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ თაკო ჩარკვიანის  კანდიდატობას, როცა თბილისის ყველა ოლქში ყველა კანდიდატზე ხდება ოპოზიციური აზრების შეჯერება?!

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, სხვებზე  ვერ ვიტყვი ნამდვილად, მაგრამ გიგა ბოკერიამ უკვე განაცხადა, რომ თამარ ჩარკვიანს არ ექნება ჩემი მხარდაჭერაო. თუმცა,  აქ არის ერთი ნიუანსი და პატარა პოლიტიკური თაღლითობა.  რაში მდგომარეობს პოლიტიკური თაღლითობა, ახლავე გეტყვით.

რატომ და როგორ უნდა დაეჭირა მხარი ჩემთვის გიგა ბოკერიას, როდესაც თამარ ჩარკვიანმა ოფიციალური, კატეგორიული განცხადება გააკეთა, რომ  ოპოზიციის გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკების მაგიდასთან ვჯდებოდი მხოლოდ პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად?!

მე დავპირდი ჩემს ამომრჩეველს, რომ იქ პროპორციულის გარდა არაფერზე იქნებოდა საუბარი, მაგალითად  მაჟორიტარულ ნაწილსა და “კვოტების“ განაწილებაზე.

ამ გაფართოებულ მაგიდასთან, სადაც ზის რუსული  ვექტორის პარტია, რომლის დაფინანსების წყარო დაიდო და გაირკვა, რომ პოლიტიკური მდივანი, ვინმე გიორგი ახვლედიანი ფინანსდება ივანიშვილისგან და მე ამ ტიპის პარტიებს ვეძახი ფსევდოოპოზიციას, ვერ მივხვდით ვერავინ, ვერც ჩემი პარტიის წევრები, ვერც ჩემს გარშემო ნაცნობები და კოლეგა პოლიტიკოსები, რატომ უნდა დამასახელოს მე ბოკერია-ბესელია-ბურჯანაძემ საბურთალოს მაჟორიტარად?!

ვინ არიან, რომ მათ მე დამასახელონ?!

სად არიან ესენი, იცით, ახლაც ჩარჩენილები?! 30-წლიან თაღლითობაში და 30 წელია, იმიტომ არის ეს ქვეყანა წუმპეში.

რა უფლება აქვს ბოკერიას, ან დამასახელოს, ან ამიკრძალოს კანდიდატურის დაყენება?! ვინ არის?! მისი გაერთიანების წევრი არა ვარ. მე ვარ გაერთიანება - „ძალა ერთობაშიას“ წევრი. გაერთიანების სხდომა იყო გუშინ და ჩემს კანდიდატურას ყველა ემხრობა. მორალურადაც ძალიან მიხარია, რომ ჩემმა კოლეგებმა  ყველანაირი მხარდაჭერა გამომიცხადეს, ვგულისხმობ ,,ძალა ერთობაშიას“, მაგრამ რომც არ მომმხრობოდნენ, მე ვარ დამოუკიდებელი პარტიის -  „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე.

გიგა ბოკერიას პარტია სადაც არის, მე იქ არა ვარ, რატომ ცუღლუტობს?! ვინ არის, რომ გამოაცხადა, ჩემი მხარდაჭერა თამარ ჩარკვიანს არ ექნებაო ?!

როგორ უნდა მქონოდა მისი მხარდაჭერა, როდესაც  მასთან არა ვარ?! ჩემთვის მხარი რომ დაეჭირა, დავფიქრდებოდი, რა მაქვს ასეთი გაკეთებული ცუდი, რა დაინახეს ჩემს პერსპექტივაში ასეთი ბურჯანაძემ და ბოკერიამ, რომ თამარ ჩარკვიანს გამოუცხადეს მხარდაჭერა-თქო. 

ბურჯანაძე და ბოკერია - ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომელთა გასვლა ქართული პოლიტიკიდან ამოსუნთქვა იქნება პოლიტიკისთვისაც და საზოგადოებისათვის, რომელიც დაიღალა 30- წლიანი სტაჟის მქონე თაღლითებით, ერთ წრეზე რომ ატარებენ ადამიანებს. 

აბა, წარმოიდგინეთ, პროდასავლური ძალა რომ გქვია, ანუ „ევროპული-საქართველო“ და ყველაფერთან დაკავშირებით გარიგებას აწარმოებ, ამ დროს ლაპარაკობ პუტინის ვექტორ პარტიასთან, თან ამბობ, ყველა მინუს ივანიშვილი, ანუ თან ვითომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა გინდა და თან გარიგებული ხარ პარტიასთან,  რომლის პოლიტიკური მდივანი ივანიშვილისგან ფინანსდება და დოკუმენტი იდება ამაზე, ეს ხომ ნონსენსია?!

მე ეს  იმიტომ ვთქვი, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რაც ხდება. მისგან მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, არ ველოდები და რომც არც დამიჭოროს მხარი, ვეუბნები აგერ, რომ დააყენოს თავისი კანდიდატები.

- მხოლოდ „ძალა ერთობაშიას“ იმედად აყენებთ კანდიდატურას? ოპოზიციური ხმები და მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ ხმები ხომ დაგჭირდებათ?

- მე იმიტომ ვაყენებ საკუთარ კანდიდატურას საბურთალოზე, რომ გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძის მიერ დაყენებული კანდიდატურები ჩავხსნა. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ამ ქვეყნისათვის, რომ თითო ფსევდო  ოპოზიციონერი მოვაცილოთ ქართულ პოლიტიკას.

ბურჯანაძე, ბოკერია და ბესელია რომ კონკურენტს დაგიყენებენ და ის კონკურენტი უნდა გაიყვანო ქართული პოლიტიკიდან,  თუ გინდა, საზოგადოებამ ამოისუნთქოს, ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი?!

მე ყველაფერს ღიად ვლაპარაკობ. ეს ტექსტი სულ ამათი მოგონილია, რომ პოლიტიკა ბინძურია. რატომ არის ბინძური?! პოლიტიკა მაშინ არის ბინძური, როდესაც ამას ბინძური ადამიანები აკეთებენ.  რატომ არის ბინძური, თუ შენი სამშობლოსათვის გინდა, შენი ქვეყანა დასავლეთის სრულფასოვანი წევრი იყოს, დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო ჰქონდეს?!

მითხარით, პუტინს რომ ქალი, პარტია ემხრობა, მას ხომ რუსული სამართლებრივი სისტემა უნდა?! მე კიდევ ვებრძვი იმ სამართლებრივი სისტემას, რომელიც შემოიტანეს აქ და ეს არის რუსული  ვექტორის სამართლებრივი სისტემა, რომელიც ახრჩობს ამ ქვეყანას.

გამაგებინეთ, როგორ  ხდება, რომ გიგა ბოკერია ემხრობა რუსული სამართლებრივი სისტემის  მომხრე ბურჯანაძეს, მასთან ერთად მაჟორიტარს იყოფს, მაჟორიტარი ხომ იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიგყავს  რუსული ვექტორის მომხრე ადამიანი?!

ეს ხომ უკვე აღარ არის პროპორციულ სისტემაზე საუბარი?! ბოკერიამ ხომ გამოაცხადა, რომ ჩვენ მხოლოდ პროპორციულის გამო ვსხდებით ერთადო, ხომ არ შეასრულა?!

მე ვთქვი, ეს ჯერ კიდევ იანვარში განვაცხადე, ესენი აქ იმიტომ ჯდებიან-მეთქი, რომ „ძალა ერთობაშიას“ საპირწონე გაერთიანება შექმნან-თქო. მაშინ ყველა ამბობდა, რომ აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რატომ სხედანო?! ეს ლეგიტიმური კითხვა იყო.  „ნაციონალები“ იმიტომ დასხდნენ, კონსესუსი უნდოდათ.  

მე უკვე მქონდა ინფომაციები, რომ ამ გაერთიანებაში ბიძინა ივანიშვილი შესულია და თავად ზის სხვა პარტიების სახით. ამიტომ ვთქვი, რომ ეს  დამღუპველი იქნებოდა პროცესისათვის, ეს ზოგმა დაიჯერა, ზოგმაც კი -  არა,  თუმცა  ეს მათი საქმეა.

ფინალში რა აღმოჩნდა?!  ფაქტებს თუ დახედავთ, მიხვდებით, რომ მე აღმოვჩნდი მართალი. ხომ გააგრძელეს პროპორციულზე ლაპარაკი?!

მაშასადამე, ბოკერია უშვებს, რომ დაბალვექტორატიანი, დაბალ პროცენტიანი, რუსული ვექტორის რამდენიმე პოლიტიკოსი აღმოჩნდეს საკანონმდებლო ორგანოში.  ეს საქციელი საქართველოს ემსახურება?! ბოკერია როგორ უნდა ამუნათებდეს ვინმეს?!

- გამოდის, ბოკერიამ ჭკვიანურად ითამაშა ივანიშვილის სასარგებლოდ?

- ჩვენთან, საქართველოში, იცით, უკვე რა ჰგონიათ?! ადამიანებს  ცბიერება, თაღლითობა და ყველაფერზე ხელის მოწერა - ჭკუა-გონებაში ერევათ. ყველაფერზე თუ წახვედი, ეს ჭკუა კი არ არის?!  მაგას ძალიან ცუდი სახელი ქვია.

გიგა ბოკერია მხოლოდ თავის სასარგებლოდ თამაშობს. მისი ოცნება პირველი პირობაა.

ამას წინათ, სააკაშვილმაც უპასუხა,  „ნუ მეტოლებითო“, ანუ ის ადამიანიც იძულებული იყო, რომ ეს ეთქვა.

ბოკერიამ თქვა, რომ პრემიერი უნდა იყოს. რას ნიშნავს უნდა იყოს?! ასეთი უაპელაციო ტონალობით?! პრაიმერკვლევა იმისათვის არის, რომ ადამიანებმა დააყენონ კანდიდატურები, რას ქვია უნდა?!  ეს არის მისი ინტერესი, სწორედ ამიტომაც შეიყვანა და გააკეთეს ეს გაერთიანება.

აი, რა იყო: ბოკერიას დიდი ჩანაფიქრი:

თუ „ძალა ერთობაშიასთან“ და  ნაციონალებთან ჯდომა-გაერთიანება არ უნდოდა, ვთქვათ იმიტომ, რომ ნაციონალები იყვნენ, მაშინ ნაციონალები იმ გაფართოებულ მაგიდასთანაც არიან. ეს არ არის მიზეზი.

მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მან „ლეიბორისტული“ პარტიის ეზოს ფორმატში შეიყვანა წვრილ-წვრილი, გაკოტრებული ვექტორის, ბურჯანაძის ტიპის განულებული პოლიტიკოსები. ისმის კითხვა - რატომ?! განა რა მიუტანა იმ განულებულმა პროცენტმა?! რა უნდა მოგიტანოს პუტინის ვექტორმა, რომელსაც  ხალხმა მანდატი არ მისცა?! აბა, შენ რაში გჭირდება?!

მე გეტყვით რატომ:

პრემიერს ირჩევს საკანონმდებლო ორგანო. ბოკერიამ იცის, რომ ხალხში მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. მისი პიროვნული რეიტინგი დაბალია და ეს გამოქვეყნდა კიდეც. მაშასადამე რა გზა აქვს მას, რომ პრემიერობის ადგილი  „დაითრიოს“?!  ერთადერთი, ეს გახლავთ, გაკოტრებული, განულებული, პოლიტიკური ვექტორის წარმომადგენელთა პარლამენტში „შეთრევა“ , ძაფის  გამობმა, რათა შემდეგ ისინი საკანონმდებლო ორგანოში ხმის მისაცემად გამოიყენოს და პრემიერობაც მისია. 

- ანუ, დიდი შანსია, მომავალმა პარლამენტმა სწორედ ბოკერია აირჩიოს პრემიერად?

- რა საკანონმდებლო ორგანოსაც მივიღებთ, იმ ტიპის პრემიერს მივიღებთ.

ამიტომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიგნით არ მოხვდნენ რუსული სამართლებრივი ვექტორის  მომხრე პოლიტიკოსები, თორემ ახალგაზრდა თაობას  იგივე გზაზე გაატარებენ. ამისათვის ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ყველა. ადამიანებმა ორი თვე უნდა გავიჭირვოთ იმისათვის, რომ მერე უფრო ნორმალური ყოფა და ცხოვრება მივიღოთ.

საკმარისია თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სასამართლო, სახელმწიფო აუდიტი და თავისუფალი  საზოგადოებრივი ტელევიზიის რეფორმები განხორციელდეს, რომ აპრიორი უკვე კორუფცია მომენტალურად, ერთ დღეში გაუქმდება.

ვამბობთ ლოზუნგად - არა კორუფციას, მაგრამ როგორ არა,  თუკი შენ რუსული ტიპის სამართლებრივი სისტემა გექნება და პარლამენტში იმ ტიპის კორუმპირებული, რომელსაც ერთ ლარად აქვს წაღებული აგარაკი?!  ეს ხომ ტიპიური მაგალითია სახელმწიფო ქონების წაღების და თან ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, მეკუთვნოდა და წავიღეო, გესმით?! ეს არის ფეოდალური დამოკიდებულება.

რითი შეიძლება შევცვალოთ ეს ყველაფერი?! რითი და კანონი უნდა მიიღო, პროკურატურა უნდა იყოს თავისუფალი.

ვიდრე შეცვლი ამ კორუმპირებულ სისტემას, მანამდე შენ პრემიერობა გინდოდეს და ამავდროულად, ყველაფერზე მიდიხარ, პარლამენტში შეიყვანო ძველებური, ძველმოდური აზროვნების რუსული სამართლებრივი სისტემისა და ვექტორის მომხრე  ტიპები, ყველა არა ცხადია, მაგრამ მეტი წილი?! რატომ? რატომ და იმიტომ, რომ მერე შენ მიიღო ისეთი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც  შენ ,,გაწყობს“, ამას ქვია დიდი ვერაგობა შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

- მოკლედ, თქვენი გაშიფრული სქემის მიხედვით,  დიდი ვერაგი გარიგების შედეგად, ბოკერია-ივანიშვილის დუეტი ფარულად ათამაშებდა ოპოზიციას, სანაცვლოდ, ბოკერია ითხოვს პრემიერის პოსტს, კიდევ რა პასუხისმგებლობები აქვთ მხარეებს ერთმანეთთან, თუნდაც - ფინანსური, გარანტიის გარეშე და მხოლოდ სიტყვაზე ერთმანეთს ეს ორი მოთამაშე არ ენდობოდა, რაღა თქმა უნდა?

- დიახ, პოლიტიკაში არსებობს მატერიალურ ინტერესიც და არამეტერიალურიც.

კონკრეტულად ვერ იტყვი, რა ინტერესია, თუმცა, მე გითხარით, რა არის ამ გარიგებაში ბოკერიას პერსონალური ინტერესი.

მოგვიანებით ივანიშვილს რა აქვს ჩაფიქრებული და კიდევ როგორ გადააგდებს ბოკერიას,  ეს სხვა თემაა. ივანიშვილს ჩვევია ასეთი რაღაცეები და ეს არა ერთისთვის გაუკეთებია, მაგალითად, ვგულისხმობ, მამუკა ხაზარაძეს.

თუ გიგა ბოკერია ფინალში ძალიან მორჩილი აღმოჩნდება და დაკმაყოფილდება იმ ყველაფრით, რაზეც შეთანხმდნენ მაშინ, შეიძლება გადაგდებული  არ აღმოჩნდეს, მაგრამ აქაც დიდად ეჭვი მეპარება.

ბოკერიას ინტერესი არის მარტივი და საქართველოსთვის ცუდი გეგმა, მაგრამ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დიდი ბრძოლა გავწიე იმისათვის, დარტყმა მიმეყენებინა მათთვის, რათა ეს გეგმა ვერ განახორციელონ.

- „ნაციონალური მოძრაობა“ , „ძალა ერთობაშია“ და ასევე კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილიც  დაუშვებენ თუ არა იმას, ბოკერია-ივანიშვილის გადათამაშებით დალაგდეს ოპოზიციური ველი ახლა და 2020 წლის არჩევნები მათი გარიგების შედეგებით დასრულდეს?

- არ დავუშვებთ. მათი, ორივეს ინტერესი თანხვედრაში მოდის.  ივანიშვილი-ბოკერია ტანდემის მიზანი ეს არის, რაც გითხარით, მაგრამ ამას ამომრჩეველიც არ დაუშვებს.

არის კიდევ ერთი პრობლემა, მეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ხალხი მიშას „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის წყენა აქვს.

ის ადამიანები, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში გულის წყრომა ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსწონდათ მაშინდელი აღმშენებლობები, სახელმწიფოები ინსტიტუციები, მაგრამ მაინც დარჩა ხინჯი იმ პერიოდში პენიტენციალურში დანაშაულებრივი ქმედებების გამო, ყოველთვის მოითხოვენ გარანტიას. იცი რა, მიშას მოგვწონს, მაგრამ რა იქნება იმის გარანტია, რომ იგივე არ გამეორდებაო? ამის გარანტია არავის აქვს, არა თუ სააკაშვილის დროს, არამედ ნებისმიერი ადამიანის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც.

ერთადერთი გარანტია არსებობს:  ეს არის თავისუფალი სამართლებრივი სისტემა, როდესაც ქვეყნის პირველ პირს პროკურორის მარიონეტივით მოხსნის უფლება არ აქვს, როცა რიდი და მოკრძალებაა კანონის უზენაესობის მიმართ, სხვა წამალი  არ არსებობს, არც ერთი თანამდებობის პირის პირობებში - ეს სააკაშვილი იქნება, პეტრე, პავლე, ივანე თუ ვინმე სხვა.

სახელმწიფოსთვის ერთადერთი დაცვა და პრევენცია არის თავისუფალი, კარგი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უკვე ხალხს დაიცავს. ამ სამართლებრივი სისტემაში მიხეილ სააკაშვილი საქართველოსათვის მხოლოდ სასარგებლო ფიგურა იქნება.