მაკა ასათიანმა 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ, "საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის" წილები დაიბრუნა
მაკა ასათიანმა 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ, "საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის" წილები დაიბრუნა

A+ A-

10:55 02/07/2020
12-წლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, ,,საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, ასათიანი განცხადებას ავრცელებს:
 
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12-წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა.
 
ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამინის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა.
 
წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო - ჩვენი ოჯახი „დაისაჯა“ ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის.
 
ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, „ოსტატურად“ შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო საშუალებები. ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე.
 
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, „დაიმლერ ბენცის“ (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და ტერორს.
 
ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში.
 
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური“, - წერს ასათიანი.