6 ივლისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა განახლდება - გახარია
6 ივლისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა განახლდება - გახარია

A+ A-

11:36 02/07/2020

6 ივლისიდან დაიდება კონკრეტული ფრენების განრიგი, რომლის მიხედვითაც, ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ეს ყველფერი დროში რომ არ გაჭიანურდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება მიღებული, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის ბილეთის მისაღები ფასებით, ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ გვსმენია. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ განახორციელოს ერთმა ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია. ეს უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოსაყვანი. ამიტომ ორშაბათს უნდა არსებობდეს შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე კონკრეტული განრიგი რეისების, კონკრეტული ქალაქებიდან, როდის დაიწყება ფრენები უახლოეს პერიოდში და რომელი ქალაქებიდან“, – განაცხადა გახარიამ.