„აირზენა“ კი არა, დამნაშავე არის უუნარო ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა ჩატოვა ევროპაში - გოცირიძე
„აირზენა“ კი არა, დამნაშავე არის უუნარო ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა ჩატოვა ევროპაში - გოცირიძე

A+ A-

14:20 02/07/2020

კომპანია "აირზენა" და ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებენ. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ „აირზენასთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და "აირზენამ" სუბსიდირების სქემა ააგეს. 

„როდესაც ტურიზმზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება და თუნდაც საზოგადოება, ნუ გვავიწყდება, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ჩარჩენილია ევროპაში, რომელთაც თუნდაც ერთი ან ორი კვირით უნდა სამშობლოში დაბრუნება. იმაზეც კი არიან თანახმა, რომ კარანტინი გაიარონ. ყოველგვარი საშუალება ხელისუფლების მხრიდან არის გადაკეტილი.

ხელისუფლებას აქამდე უნდა ეზრუნა, „აირზენას” რომ აკრიტიკებენ და პრემიერი რომ ამბობს, კონკურენცია უნდა შეგვექმნა ამ სფეროშიო, მსოფლიოში 1000-მდე ავიაკომპანიაა და ეზრუნათ მაშინ, რომ იაფად შემოეყვანათ ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება „აირზენას” მიმართ პრეტენზიებს, „აირზენა” და ხელისუფლება ერთად მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რაღაც სუბსიდირების სქემაც კი ააგეს. როდესაც თავს ვერ მოაბამენ ვერაფერს, მერე იციან ხელის გაშვერა. თუნდაც „აირზენა” იყოს დამნაშავე, მაგრამ ხელისუფლების უნარიანობას და ჭკუას განსაზღვრავს ის, რამდენად შეუძლია კანონის საფუძველზე შექმნას კონკურენტული გარემო, რომელიც არის საბოლოოდ ფასის განმსაზღვრელი, ვერ შექმნა. 

ამიტომ დამნაშავე არის უუნარო ხელისუფლება, რომელმაც გაწირა საკუთარი მოსახლეობა და ჩატოვა ევროპაში ისე, რომ ამ ზაფხულშიც ვერ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში”,- განაცხადა გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანია "აირზენა" სამოქალაქო ავიაციასთან შეუთანხმებლად მოქმედებს.