მტკნარი სიცრუეა - ხოშტარია ბოკერიას პარტიას არ ტოვებს
მტკნარი სიცრუეა - ხოშტარია ბოკერიას პარტიას არ ტოვებს

A+ A-

16:30 02/07/2020

„ევროპული საქართველოს“  წევრი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია უარყოფს დაპირისპირებას  მასსა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს  თავმჯდომარეს,  გიგა ბოკერიას შორის. ამის შესახებ ხოშტარიამ “2020NEWS”-ს  განუცხადა.

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, „ევროპულ საქართველოში“ ქაოსია და ხოშტარიას ვაკის მაჟორიტარად დაასახელების შემდეგ, გიგა ბოკერიას გაუმძაფრდა შიში, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ხოშტარია პარტიას დატოვებს და დამოუკიდებლად გააგრძელებს აქტივობებს, რაც „ევროპულ საქართველოს“ საკანონმდებლო ორგანოში დასაყრდენს გამოაცლის.

„გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა“, - განაცხადა ხოშტარიამ “2020NEWS”-თან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მედია ხოშტარიას „ევროპული საქართველოს“ დატოვებისა და პარტიის შიდა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პარტიის ერთადერთი ძლიერი ქალი პოლიტიკოსი ამავე პარტიის დატოვებას გეგმავდა, რაც მან “2020NEWS”-თან არ დაადასტურა და განაცხადა, რომ თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს აუცილებლად გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი.

"თუ მივიღებ მსგავს გადაწყვეტილებას , აუცილებლად შეგატყობინებთ", - განაცხადა მაშინ სააგენტოსთან ხოშტარიამ.

ანა ქორჩილავა