გვარამია სუსს მარნეულის რეპორტაჟს დაუმონტაჟებლად გადასცემს
გვარამია სუსს მარნეულის რეპორტაჟს დაუმონტაჟებლად გადასცემს

A+ A-

16:58 02/07/2020
ტელეკომპანია "მთავარი არხი" მზად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს მომზადებული სიუჟეტის დაუმონტაჟებელი ვერსია, რომელსაც უწყება საბოტაჟის მუხლით იძიებს. ამის შესახებ არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.
 
"რაც გვაქვს, ყველაფერს მივცემთ. ამას ყოველთვის ასე ვაკეთებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა... ზუსტად ვიცი, რომ თარგმანი სწორია. შეიძლება იქ ტექსტი უფრო გალიტერატურულებული, მაგრამ შინაარსი არის აბსოლუტურად ზუსტად გადმოცემული... ის, რომ ამ ხალხმა სუს-ში სხვა რამე თქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ თარგმანი არასწორია", - განაცხადა გვარამიამ.
 
ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა", თბილისის საქალაქო სასამართლო განჩინების საფუძველზე, უწყებას იმ სიუჟეტის სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალა უნდა გადასცეს, რომელსაც უწყება საბოტაჟის მუხლით იძიებს.
 
სუსის ცნობით, არხმა 20 ივნისს გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი მოამზადა მარნეულში "კოვიდსტატუსის" გაყიდვაზე. სიუჟეტი მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს.