„იმედია, ბაზა დროებით უქმდება, თორემ Wizz Air-ს უკან გაჰყვება ქართული ტურიზმი თავისი ამბიციებით“
„იმედია, ბაზა დროებით უქმდება, თორემ Wizz Air-ს უკან გაჰყვება ქართული ტურიზმი თავისი ამბიციებით“

A+ A-

17:13 02/07/2020

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას დროებით აჩერებს. აღნიშნული რამდენიმე საათის წინ გამართულ ZOOM-პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრას რადომაც დაადასტურა. ამ ფაქტის გამო ტურისტული სექტორის ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა იმისთვის, რომ Wizz Air-ს ბაზა ქვეყნიდან არ გასულიყო, თუნდაც - დროებით. 

„მგონია და იმედი მაქვს, რომ ბაზის დახურვა დროებითია და Wizz Air დატოვებს რამდენიმე მიმართულებას საქართველოდან", - ამბობს BM.GE-ისთან  ტურისტული კომპანია wOnderLAND-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი.

"ჩემთვის, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლისთვის Wizz Air-ის მიერ ბაზის დახურვა უარყოფითი სიგნალია იმ კუთხით, რომ შესაძლოა, ავიაკომპანიას  ჩვენზე, მოქალაქეებზე მეტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ ავიარეისები საკმაოდ დიდხანს არ აღდგება ძველებური სახით... იმედი გვქონდა, რომ აგვისტო-სექტემბრიდან ევროპის მიმართულებით რაღაც რეისები დაიწყებოდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მხოლოდ „აირზენას“ ჩარტერების იმედად უნდა დავრჩეთ. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ქეთი დოჭვირმა.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ Wizz Air-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საზღვრების გახსნის ივლისის ბოლომდე გახანგრძლივებამაც განაპირობა.

"მგონია, რომ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა პირდაპირ უკავშირდება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას, ვინაიდან Wizz Air-ი ამ დრომდე ბილეთებს ჩვეულებრივ ყიდდა და ახლა მგზავრებს ეგზავნებათ მეილები, რომ ავიარეისები გაუქმდა. მანამდე თავადაც ჰქონდათ, სავარაუდოდ, იმედი, რომ იფრენდნენ, ხოლო ახლა უკვე არანაირი ფრენა არ ჩანს“, - აღნიშნა მან.

ქეთი დოჭვირმა ამავე თემაზე ვრცელი პოსტი დღეს facebook-ში გამოაქვეყნა:

„მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ ბაზა დროებით უქმედება და რეისები უახლოეს პერიოდში ნაწილობრივ მაინც აღდგება. სხვა შემთხვევაში, 8 წლის წინ ამ გაჭირვებით და სუბსიდიებით შემოყვანილ კომპანიას, რომელმაც ქართველებს ევროპა იაფად აჩვენა და ევროპელი ტურისტები მასობრივად შემოიყვანა საქართველოში, უკან გაჰყვება მთელი ქართული ტურიზმი თავისი ამბიციებით. უზარმაზარი დრო და შრომაა საჭირო ავიაკომპანიების დასარწმუნებლად ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში ფრენების დასაწყებად, როგორიც საქართველოა და რამე ნაბიჯი მაინც გადაიდგა დღემდე, ამხელა შრომა წყალში რომ არ ჩაყრილიყო? ტურიზმი ტრანსპორტით იწყება და არა - სასტუმროებით.

დავამატებ, რომ Wizz Air-ი დაფრინავს 2012 წლიდან, მაგრამ ბაზა აქვს 2016 წლიდან, როცა დაემატა უამრავი ახალი მიმართულება და აიყვანეს ახალი თანამშრომლები. ავიაკომპანია ვერ შეძლებს დიდხანს ჰქონდეს ბაზა იმ ქვეყანაში, საიდანაც რამდენიმე თვეა არ განუხორციელებია რეისები და პერსპექტივაშიც არ ჩანს ფრენების სრულად აღდგენა; როცა ფრენები განახლდება, სავარაუდოდ, იქნება მხოლოდ შეზღუდული მიმართულებები და ფასები გაცილებით მაღალი, ვიდრე მანამდე იყო“, - წერს დოჭვირი სოციალურ ქსელში.

წყარო: "bm"