2020 წლის ბოლომდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება
2020 წლის ბოლომდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება

A+ A-

11:40 03/07/2020

2020 წლის ბოლომდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა , გიორგი გახარიამ ქუთაისის შემოვლითი გზის განახლებული მონაკვეთის გახსნისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტის ღირებულება 200 255 000 ლარამდეა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შემცირდება მგზავრობის დრო.

„ამ გზაზე უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ამიტომ გახდა ეს გზა ცალმხრივი და გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. დღეს გაიხსნა ამ გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე ეს გზა ფაქტობრივად სრულად გაიხსნება, რაც კომფორტთან ერთად, უსაფრთხოების დიდი გარანტი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად უმნიშვნელოვანესი კვანძი წითელი ხიდი-სარფის მაგისტრალისა და წელს ამ მაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება, რაც დროის ეკონომიასთან ერთად მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაც იქნება. ერთ კვირაში გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ ერთ მონაკვეთს, ამ ზაფხულს, შემოდგომამდე გავხსნით ხაშურის შემოვლით გზას, რომელიც უდიდესი დისკომფორტის შემქმნელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში და ახალ წლამდე, ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.