რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარება კანონდარღვევაა - ზაქარეიშვილი
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარება კანონდარღვევაა - ზაქარეიშვილი

A+ A-

19:25 03/07/2020

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, ხმის მიცემის პროცედურის ჩატარება, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის კანონდარღვევაა. ამის შესახებ “2020NEWS”-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

„რუსეთს არ ჰქონდა არანაირი უფლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ხმის მიცემის პროცედურა ჩაეტარებინა. ეს არის უკანონობა და საერთაშორისო სამართლის, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ზოგადად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რეფერენდუმში ხმის მიცემის ჩატარების ნებართვა შეიძლება, თუკი მეორე სახელმწიფოს ნებართვაცაა. სხვა ქვეყანაში შეგიძლია ჩაატარო რეფერენდუმი, თუკი იქ არის საელჩო და ამ საკითხს ის არეგულირებს, მაგრამ რუსეთს არანაირი უფლება არ ჰქონდა ხმის მიცემის პროცედურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაეტარებინა. ეს სრული უკანონობა და განუკითხაობაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის საოკუპაციო რეჟიმი. აფხაზებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები ის საკითხი არ არის, რომლის გამოც, რუსეთს უნდა შეეწინააღმდეგონ. ისინი სხვა საკითხების გამო ეწინააღმდეგებიან რუსებს განსაკუთრებით მიწის საკუთრებაზე, უძრავ ქონებაზე, გზების გაყვანაზე, ნავთობის მოპოვებაზე და სხვა უამრავი თემაზე. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ის თემა არ არის, რის გამოც რუსეთი კიდევ უნდა გააღიზიანონ. მათ რუსეთთან სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემები აქვთ გასარკვევი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ და უნდა დააფიქსიროს თუ არა საპროტესტო ნოტა, ზაქარეიშვილი გვპასუხობს, რომ საგარეო უწყებამ და იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაგმონ აღნიშნული ფაქტი.

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ უნდა გააკეთონ განცხადებები, რომ ისინი გმობენ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ უკანონო ხმის მიცემას და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმონ ეს ღონისძიება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხმის მიცემის შედეგად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებები არ შეიძლება სიმართლედ ჩაითვალოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პირველი პირის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობის მიღება რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ. რეფერენდუმი ე.წ. ხმის მიცემის პროცედურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდა. შედეგების მიხედვით, ცვლილებას აფახაზეთში 67%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში 87%-მა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს უფლებამოსილების გახანგრძლივება 2036 წლამდე შეუძლია.