გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - დღეს ამოცნობის პროცედურები ტარდება
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - დღეს ამოცნობის პროცედურები ტარდება

A+ A-

14:04 06/07/2020
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს არასრულწლოვანი ზ.ხ. ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში. ამის შესახებ საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.
 
როგორც ადვოკატმა განმარტა, ზ.ხ-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით ბრალი უკვე დიდი ხანია წარუდგინეს, თუმცა ამოცნობის პროცედურა მხოლოდ დღეს ტარდება.
 
„რაც შეეხება დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას, ტარდება ამოცნობის პროცედურა, რომლითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ., ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში და იცნობს თუ არა მას.
 
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბრალი უკვე დიდი ხანია მას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით წარუდგინეს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ დღეს ტარდება მისი ამოცნობა, ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანი არის გამოძიების ხარისხთან მიმართებაში.
 
ჩვენ არასრულწლოვანის დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩავსულიყავით მცხეთაში, რათა მიგვეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. ჩვენ დავთანხმდით, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოიებასთან.
 
ჩვენ ჩვენი სურვილით ჩავაბარეთ მათ ექსპერტიზისთვის ყველანაირი საჭირო მასალა. აბსოლუტურად არაფერზე არ გვითქვამს უარი გამოძიებისთვის და მეორე დღეს მივდიოდით, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ საგამოძიებო მოქმედებაში, რასაც ამოცნობა ჰქვია, რომ ამირხანაშვილს ამოეცნო ზ.ხ., თუმცა ჩვენდა გასაოცრად ზ.ხ. ჩვენს ჩასვლამდე, დილით ადრე დააკავეს და მას შემდეგ არ ჩატარებულა ეს ამოცნობა, რომ ეთქვა ამირხანაშვილს, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში ზ.ხ.“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
 
შეგახსენებთ, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.
 
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
 
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
 
უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.