კანონი დრაკონულია, დროებით მმართველს მედიის წილების გაყიდვაც შეუძლია - რომან გოცირიძე
კანონი დრაკონულია, დროებით მმართველს მედიის წილების გაყიდვაც შეუძლია - რომან გოცირიძე

A+ A-

12:33 07/07/2020

"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ მისაღები კანონპროექტი დრაკონულია და დაუშვებელია მისი მიღება. ასე აფასებს "2020NEWS"-თან საუბრისას,  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღებასაც პარლამენტი დაჩქარებული წესით გეგმავს.

როგორც სააგენტოსთან საუბრისას გოცირიძემ განმარტა, ეს კანონი პირველ რიგში ეხება ინტერნეტპროვაიდერებსა და სატელეფონო კომპანიებს, თუმცა შეზღუდვა ტელევიზიასა და მედიაზეც გავრცელდება.

"ეს პირველ რიგში ეხება ინტერნეტპროვაიდერებს და სატელეფონო კომპანიებს, მაგრამ ამ კანონის რეგულირების სფეროში შედის მაუწყებლებიც. გარდა ამისა, შემოდის ცვლილებები მაუწყრბლის შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება (სანქცია) ექვემდებარება მომენტალურ აღსრულებას. არ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. კომუნიკაციის საშულებების დირექტორის მოხსნა და 2 წლამდე ვადით დროებითი მმართველის დანიშვნა, რომელსაც წილების გაყიდვაც კი შეუძლია, არის უპრეცედენტო და დრაკონული. ეს არის არჩევნებში ჩარევის მიზნით შექმნილი კანონპროექტი და დაუშვებელია მისი მიღება",-აცხადებს რომან გოცირიძე სააგენტოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, პარლამენტი დაჩქარებული წესით ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა, მაუწყებლებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. მეტიც, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სპეციალური მმართველი 2 წლამდე ვადით დაინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით ან კანონის ფართო განმარტების გზით.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს, კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები არანაირ კავშირში არ არის მედიასთან და მაუწყებლებთან.

მარიამ მაჭარაშვილი