"მომავალი თაობისთვის ცუდი მაგალითია, როცა სპორტსმენებს ანგაჟირებული ადამიანები "კუნთმაგარსა" და "გონებაჩლუნგს" უწოდებენ"
"მომავალი თაობისთვის ცუდი მაგალითია, როცა სპორტსმენებს ანგაჟირებული ადამიანები "კუნთმაგარსა" და "გონებაჩლუნგს" უწოდებენ"

A+ A-

12:15 07/07/2020

სპორტსმენებზე შეტევა მიმდინარეობს. მათ საქართველოს დროშა 1200-ჯერ ასწიეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა.

მისივე თქმით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, რამდენიმე სპორტსმენის მიერ ჩადენილი დანაშაული ყველა სხვა სპორტსმენთან არ უნდა იყოს გაიგივებული.

„პირველ რიგში, მინდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. ნამდვილად ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ ის შეფასება, რასაც ვისმენთ, არანაირად არ ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების დიდ წარმატებას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუთქვეს სახელი.

მინდა, მაგალითისთვის, 2019 წელს ჩვენი სპორტსმენების შედეგები მოგიყვანოთ. ჩვენი სპორტსმენების მხრიდან 1200 მედალია მოპოვებული. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1200-ჯერ აიწია საქართველოს დროშა, ეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაცნობაა მსოფლიოსთვის. საქართველოში ვხედავთ, რომ შეტევა ხდება სპორტსმენებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთი ცნობადი გახადეს.

 რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიმართული დისკრედიტაციაა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენების მიმართ და ასევე, მომავალი თაობისთვის ძალიან ცუდი მაგალითია. როდესაც გამოჩენილ სპორტსმენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები უწოდებენ „კუნთმაგარსა“ და „გონებაჩლუნგს“, კიდევ არ ვიცი, რანაირი ეპითეტებით მოიხსენებენ, ეს მომავალ თაობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ისინი ფიქრობენ, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში წარმატებული სპორტსმენები ვიყოთ, როდესაც ადამიანები ასეთი ეპითეტებით მოგვიხსენიებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. გაიხსენოს ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ, როგორი შეტევა იყო იგივე ტალახაძეზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია და არა მხოლოდ ტალახაძე, უამრავი სხვა სპორტსმენი, რომლებმაც ქვეყანა ასახელეს და არანაირი კავშირი არ აქვთ ისეთ ეპითეტებთან, რასაც ჰქვია კრიმინალი და დამნაშავეთა ქმედება.

ამიტომ, მოვუწოდებდი იმ ადამიანებს, ვინც ასე მოიხსენიებენ ქართველ სპორტსმენებს, თავი შეიკავონ, რადგან ჩვენ სპორტსმენებს ქვეყანა უყვართ და მათ ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალადობა მიუღებელია. სამწუხაროდ, გვხვდება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა კრიმინალია, მაგრამ არ უნდა გავაიგივოთ ყველასთან რამდენიმე სპორტსმენის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენა. ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას“,- განაცხადა ხაბარელმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარიშვილის ტრაგიკულ და ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა. მათ შორის არიან სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგნელი ახალგაზრდები.