მე არ ვენდობი არც ბექაურსა და არც მარეგულირებელ კომისიას - ვაშაძე
მე არ ვენდობი არც ბექაურსა და არც მარეგულირებელ კომისიას - ვაშაძე

A+ A-

14:13 07/07/2020

ყველა ის ახალი კანონპროექტი თუ საკანონმდებლო ცვლილება, რაც პარლამენტში განიხილება, მიზნად ისახავსქართული ოცნებისმიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის მექანიზმების შექმნასა და ტოტალკონტროლის დამყარების მცდელობას.

ამის შესახებ “2020NEWS”-ს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა და მარეგულირებელი კომისიის მიერ მაუწყებლებში შესაძლო, სპეციალური მმართველების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.

„ყველა კანონი რაც ახლა პარლამენტში განიხილება მიზნად ისახავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის და თავის თავზე გაფორმებისთვის მექანიზმები შექმნას.

დღეს განცხადება გაავრცელა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ, რას ეხება და რას  არა  ეს საკანონმდებლო ცვლილება, მაგრამ ეს სისულელეა. მე არ ვენდობი არც ბექაურს და არც მარეგულირებელ კომისიას.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს არ მინდა, რომ არანაირი უფლებით აღვჭურვო და რაიმე ბერკეტი გაუჩნდეს ნებისმიერ მექანიზმზე საინფორმაციო საშუალებებთან მიმართებაში. ეს არის ჩვეულებრივი ტოტალკონტროლის დამყარების მცდელობა და არა მარტო ეს ცვლილებები.

იგივე ის კანონპროექტი, რომელიც იხილება, რომ 15 ივლისიდან ხელისუფლებაში კიდევ გაიგრძელონ დიქტატორული უფლებები, რომელიც მათ აქვს კორონავირუსის გამო.

როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არ გახსნეს საზღვრები, რომ არგუმენტაცია შეექმნათ, რომ აქეთ საზღვრებს არ ვხსნით,  ეს ყველაფერი აუცილებელი და საჭიროა.

ფაქტობრივად, ,,ქართულმა ოცნებამიცის, რომ განწირულია მარცხისთვის და ცდილობს, ისეთი მექანიზმები შეიქმნას საქართველოში, როგორმე ხელისუფლებაში ყოფნა შეინარჩუნოს.

ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა. სახელმწიფო ინტერესები ,,ქართულ ოცნებას“ რომ არ აღელვებს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციებიც მეტყველებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მაუწყებლობის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებს ეხება, კომისიამ შესაძლოა, მედიასაშუალებებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სპეციალური მმართველი ორი წლამდე ვადით დაინიშნება.

ამასთანავე, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლამდე გახანგრძლივდეს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებრივი შეზღუდვები დააწესოს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ვადა 15 ივლისამდე იყო განსაზღვრული.

ანა ქორჩილავა